ბაიდენისა და პუტინის მოლაპარაკებების წინ ზელენსკის ბლინკენი დაუკავშირდება, ხოლო შემდეგ – აშშ–ის პრეზიდენტი

06-12-2021 22:43:26 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს 7 დეკემბერს გამართავს, ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენს შორის დაგეგმილი ვიდეოხიდის წინ. ხოლო რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დასრულების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის თავად აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაელაპარაკება.

თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ბაიდენი პუტინს ცხადად განუმარტავს, რომ „რუსეთს დიდი ფასის“ გაღება მოუხდება, თუ კრემლი შეეცდება სამხედრო აგრესიის გაგრძელებას უკრაინის წინააღმდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 7 დეკემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აპირებს, გააფრთხილოს კრემლი, რომ არ დაუშვას უკრაინაზე თავდასხმა. ბაიდენი პუტინს ასევე შეატყობინებს, რომ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნები სრულად უჭერენ მხარს საპასუხო ზომებს უკრაინაში რუსეთის სავარაუდო ინტერვენციის შემთხვევაში, წერს Financial Times-ი. მოსკოვის მიმართ სანქციების დეტალებს ჯერჯერობით არ განიხილავენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები