გაფრინდაშვილი NETFLIX-ის წინააღმდეგ: "სცენარისტმა აღიარა, რომ სიმართლე იცოდა"

07-12-2021 12:26:49 სამართალი ,ეს საინტერესოა

მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, აშშ-ში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა შედგა, რომელზეც სერიალ "ლაზიერის გამბიტის' სცენარისტი და პროდიუსერი ფრენკ სკოტი გამოიკითხა.

ადვოკატის ცნობით, სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ იცოდა.

გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველები გეგმავენ, სცენარისტის ჩვენება მათ სასარგებლოდ გამიყენონ, რადგან მათი შეფასებით, ის ადასტურებს, Netflix-ის მიერ "მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას".

"ნეტფლიქსის შუამდგომლობაში არის ის ხაზიც, რომ "ლაზიერის გამბიტი" არის გამოგონილი და შეუძლიათ, ამით იხელმძღვანელონ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის საწინააღმდეგო არგუმენტები: გამოკითხვაზე ძალიან აირია ფრენკ სკოტი – უმრავლესი კითხვის პასუხად ამბობდა, რომ "არ ახსოვს". გამოკითხვის პროცესში აქტიურად ერეოდნენ მისი ადვოკატები – ხან კონსულტაცია უნდოდათ, ხან კითხვის აცილება. მან თქვა, რომ "იცოდა, რომ ნონა გაფრინდაშვილი იყო რეალური ადამიანი". ჯერ თქვა, "არ ვიცი, როდის გავიგეო". მერე თქვა, "ვიღაცამ მითხრა, რომ რეალური ადამიანი იყოო", - განაცხადა მწარიაშვილმა.

საქმეზე ზეპირი მოსმენა 24 იანვარს გაიმართება. სავარაუდოდ, ამ სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილება.

ნონა გაფრინდაშვილმა ამერიკულ კომპანია NETFLIX-ს სექტემბერში უჩივლა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ "ლაზიერის გამბიტის" (The Queen’s Gambit) ფინალურ ეპიზოდს და ნონა გაფრინდაშვილთან დაკავშირებულ მცდარ ინფორმაციას ეხება კარიერასთან და წარმომავლობასთან დაკავშირებით. სერიალში კერძოდ, ვისმენთ: “ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ფილმის მთავარი გმირის] შემთხვევაში მისი სქესია. თუმცა, ის რუსეთში ერთადერთი არ არის. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც მოჭადრაკეებს".

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მიხედვით, NETFLIX-მა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა გაეზარდა დრამა და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არც ერთ ქალს, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია.

სარჩელის მიხედვით, 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია "ლაზიერის გამბიტის" ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები, სულ მცირე, 59 კაც მოჭადრაკესთან, მათ შორის 10 დიდოსტატთან. ამასთან, ის არა რუსი, არამედ ქართველია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები