
საქსტატი – დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 26.6 %–ით გაიზარდა, ევროკავშირში – 20.6%–ით
19/08/2019 07:41:50 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 105.8 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 26.6 %–ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6 %–ს შეადგენს.
საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 503.5 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 20.6 %–ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 %–ს შეადგენს.
იანვარ-ივლისში ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტი რუსეთში განხორციელდა, სადაც გატანილია 303 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26 %–ით აღემატება. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიან რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი და უკრაინა.
რაც შეეხება იმპორტს, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოტანილია 1 303.1 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია (14.3 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 %–ია.
იმპორტის მოცულობამ ევროკავშირიდან 1 280.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (12.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობით იმპორტი თურქეთიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და გერმანიიდან განხორციელდა.