ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო

07-12-2021 16:32:23

თელავის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, პარლამენტის ყოფილი წევრის ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შესარჩევი პროცესი დაიწყო.

სასამართლომ 12 ნაფიცი და 2 სათადარიგო მსაჯული უნდა შეარჩიოს, რომლებიც საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ. შერჩევის პროცესი რამდენიმე კვირას გასტანს.

საქმის ნაფიცი მსაჯულებისათვის გადაცემის გადაწყვეტილება ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმა წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადეს.

7 დეკემბრის სხდომაზე სასამართლომ დაამტკიცა მკვლელობის საქმიდან ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალის ცალკე გამოყოფის საკითხი, რადგან ის ნაფიცი მსაჯულების განსახილველი საქმეების კატეგორიას არ ეკუთვნის.

ჯანგირაშვილს გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

ამ დროისთვის ზვიადაური 50 ათასლარიანი, ხოლო ჯანგირაშვილი 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან არიან გათავისუფლებული.

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმა – ზვიად ზვიადაურია.

გამოძიება ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება. გამოძების ვერსიით, წინანდალში რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ახმეტის მკვიდრმა ვასილ ცოცხალაშვილმა იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი ზვიად მაისურაძე და ანზორ შარმელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები