მოქალაქეთა ნაწილს საბანკო სესხი გაუძვირდება

08-12-2021 12:06:58 საზოგადოება ,ეკონომიკა

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით – 10.5%-მდე გაზარდა. ამის შესახებ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. აღნიშნული ნიშნავს, რომ 100 000–ზე მეტ მოქალაქეს სესხები გაუძვირდება. ამდენად, რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა.

გადაწყვეტილებას სებ–ი პანდემიით და ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით ხსნის. თავის მხრივ ამ უკანასკნელს მეტწილად საგარეო ფაქტორებს უკავშირებს

"პანდემიით გამოწვეულმა არაორდინარულმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა. შესაბამისად, საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, ძირითადად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პპ-ს უტოლდება. ამ ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს იმპორტირებული ნედლეულისა და პროდუქციის გავლენით გადმოეცემა. მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი წლიურ დონეზე შედარებით გამყარებულია, ნოემბრის მონაცემებით იმპორტირებული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 18 პროცენტს გაუტოლდა. ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენაც, რომელიც, როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებით, დამატებით წვლილს შეიტანს.

რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, 2021 წლის მეორე კვარტალის მერე ის მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის აღსანიშნავია ფისკალური სტიმული: მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წლიურად შემცირებულია, მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია, რაც შიდა მოთხოვნას გაზრდილ ნიშნულზე ტოვებს. ასევე, ლოქდაუნების გამო დაგროვილი მოთხოვნის 2021 წლის მეორე კვარტალიდან მოსალოდნელზე სწრაფად რეალიზებამ ეკონომიკური აქტივობის აღდგენა დააჩქარა. გარდა ამისა, შიდა მოთხოვნის მატება ბოლო პერიოდში დაკრედიტების ზრდის დაჩქარებულმა ტემპმაც განაპირობა. ძლიერი შიდა მოთხოვნა მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის დადებითი ბიძგია, თუმცა, ამავდროულად, ის ინფლაციის შემცირებას უშლის ხელს. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო ლარისა და უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს შორის გაზრდილი სხვაობა უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდას უწყობს ხელს, რაც ეკონომიკაში სავალუტო რისკების წყაროა. აღნიშნული რისკების დაგროვების ასაცილებლად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დამატებითი ზომები მიიღო, რაც საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდასაც შეუწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ, მიწოდების მძლავრი შოკების პირობებში, ინფლაციის ხანგრძლივად მაღალმა დონემ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები არ გაზარდოს. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტამდე გაზარდა. მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების ზემოხსენებული საბაზო ეფექტის გამო, დროებით გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან ის შემცირებას დაიწყებს. ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას, ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად, დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს. მომავალში პოლიტიკის განაკვეთის შემცირების წინაპირობა მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები იქნება.

გლობალური ეკონომიკური აღდგენის კვალდაკვალ, საგარეო მოთხოვნა ზრდას განაგრძობს. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი წლიურად დაახლოებით 25 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 11 პროცენტია. ათი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები წლიურად დაახლოებით 2-ჯერაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის დონესთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (65 პროცენტი). გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც. იანვარ-ოქტომბერში ამ მაჩვენებლის 22 პროცენტიანი წლიური მატება დაფიქსირდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა დაახლოებით 3 პროცენტია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს",– აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება.

169 700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 169700 სესხია გაცემული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5-მდე გაიზარდა. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8392 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული, შესაბამისად, 169 700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება.

„საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, პირველი ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე, ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 6 200 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი 8289.5 მილიონიდან 8392 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

„169 700 ხელშეკრულებიდან 67400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1072 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობთ 15.12% შეადგინა. რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით, 64900 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.37%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2892 მილიონი ლარია.33 500 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ოქტომბერთან შედარებით 700-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 4311 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1199 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.57%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ნოემბრის მონაცემებით 3111.5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.03%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16.9 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 20.59%-ში გაასესხეს. ასევე, გაცემულია 3100 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 89.4 მილიონი ლარია.

პირველი ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.6%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 26.32%. პირველი ნოემბრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე 13.44% -დან 10.9%-მდე“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ერთობლივი ეფექტითაა გამოწვეული.

„ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის, იმ შემთხვევაში თუ გრძელვადიან პერიოდში ინფლაციურ მოლოდინებზე იქონიებს გავლენას. ამასთან, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია. ასევე, ლოკდაუნის გამო დაგროვებული მოთხოვნის რეალიზება მნიშვნელოვნად განაპირობებს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, რაც, თავის მხრივ, ინფლაციურ პროცესებზე შეიძლება ახდენდეს ზეწოლას. მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის მოხდენის პრევენციაა. სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც 2022 წლის იანვარ-თებერვლის ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისგან გაჩენილი საბაზო ეფექტის გამო. ასევე გაზრდილია ეკონომიკის დაკრედიტებაც, რაც თავის მხრივ აფერხებს ინფლაციური პროცესების შერბილებას. თუმცა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, სხვა თანაბარ პირობებში, 2022 წელს ინფლაციის დაღმავალ ტრაექტორიას უზრუნველყოფს. გასათვალისწინებელია, რომ იზრდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც იმპორტის და ექსპორტის ზრდაში აისახება. იზრდება საერთაშორისო გადმორიცხვებიც წინა წელთან შედარებით, თუმცა 2019-თან შედარებით 11%-ით მეტია. მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან“, აცხადებენ ორგანიზაციაში.

.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები