ლუკაშენკოს რეჟიმმა "არამეგობრული ქვეყნებიდან" ხორცის, რძის, მარილისა და სხვა პროდუქციის შეტანა აკრძალა

08-12-2021 13:43:14 მსოფლიო

ლუკაშენკოს რეჟიმი 2022 წლის 1 იანვრიდან ბელარუსში "არამეგობრული ქვეყნებიდან" პროდუქციის მთელ რიგ სახეობათა იმპორტს კრძალავს.

როგორც ლუკაშენკოს მთავრობის პრეს-სამსახურში განაცხადეს, მინსკის მიმართ "დისკრიმინაციული პოლიტიკის გამტარებელი" ქვეყნებიდან იკრძალება ყველა სახის ხორცპროდუქციისა და რძის პროდუქტების, ასევე ხილისა და ბოსტნეულის, თხილის, საკონდიტრო ნაწარმის, მარილისა და სხვა საკვები პროდუქტის შეტანა.

ქვეყნებს შორის, რომლებზეც ემბარგო ვრცელდება, არიან აშშ, კანადა, ნორვეგია, ალბანეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, ჩერნოგორია და შვედეთი.

ცნობისთვის: 2 დეკემბერს ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალი - რიგით მე-5 პაკეტი მიიღო, რომელიც მიგრაციულ კრიზისს უკავშირდებოდა. სანქციებს მიუერთდნენ აშშ, ბრიტანეთი და კანადა. ემბარგოს დაექვემდებარნენ საავიაციო, ტურისტული, ქიმიური და სხვა მრეწველობის საწარმოები, ასევე ძალოვანები და ლუკაშენკოს პირადი გარემოცვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები