ეროვნული ბანკი ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის ინფლაციურ გავლენაზე საუბრობს

08-12-2021 14:44:15 ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი აღნიშნავს, რომ მაღალი ინფლაციური მოლოდინებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროება დგას. ინფლაციაზე მოქმედ ძირითად ფაქტორებს შორის სებ-ი საგარეო ფაქტორებს ასახელებს, რომლებსაც ნოემბერში არსებულ 12.5%-იან ინფლაციაში 9 პროცენტული პუნქტის წვლილს მიაკუთვნებს, თუმცა საგარეო ფაქტორებთან ერთად ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ინფლაციაზე გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის მაღალ დეფიციტსაც აქვს, რადგანაც ის შიდა მოთხოვნის ზრდას იწვევს.

მთლიანობაში სებ-ი ინფლაციის უფრო დაბალი ტემპით შემცირებას ელოდება, ვიდრე ამას ოქტომბერში პროგნოზირებდა. მაშინ ეროვნული ბანკი მიუთითებდა, რომ გაზაფხულიდან ინფლაციის "მნიშვნელოვანი შემცირება" მოხდებოდა, ახლა კი სებ-ი სიტყვა "მნიშვნელოვანს" აღარ იყენებს და მომატებული ინფლაციის უფრო დაბალ კლებას ვარაუდობს, რაზეც გავლენა მათ შორის საბიუჯეტო დეფიციტურ ხარჯვასაც აქვს.

“პანდემიით გამოწვეულმა არაორდინარულმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა. შესაბამისად, საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, ძირითადად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პპ-ს უტოლდება. ამ ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს იმპორტირებული ნედლეულისა და პროდუქციის გავლენით გადმოეცემა. მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი წლიურ დონეზე შედარებით გამყარებულია, ნოემბრის მონაცემებით იმპორტირებული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 18 პროცენტს გაუტოლდა. ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენაც, რომელიც, როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებით, დამატებით წვლილს შეიტანს.

რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, 2021 წლის მეორე კვარტალის მერე ის მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის აღსანიშნავია ფისკალური სტიმული: მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წლიურად შემცირებულია, მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია, რაც შიდა მოთხოვნას გაზრდილ ნიშნულზე ტოვებს. ასევე, ლოქდაუნების გამო დაგროვილი მოთხოვნის 2021 წლის მეორე კვარტალიდან მოსალოდნელზე სწრაფად რეალიზებამ ეკონომიკური აქტივობის აღდგენა დააჩქარა. გარდა ამისა, შიდა მოთხოვნის მატება ბოლო პერიოდში დაკრედიტების ზრდის დაჩქარებულმა ტემპმაც განაპირობა. ძლიერი შიდა მოთხოვნა მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის დადებითი ბიძგია, თუმცა, ამავდროულად, ის ინფლაციის შემცირებას უშლის ხელს,” - წერს ეროვნული ბანკი.

2022 წლის ბიუჯეტი 4.2%-იან დეფიციტზე არის დაგეგმილი, თუმცა პანდემიური კრიზისის გამო, როგორც 2021-ის ასევე 2020 წელს დეფიციტი განსაკუთრებულად მაღალი იყო. შარშან დეფიციტმა რეკორდულ 9.4%-ს მიაღწია, წელს კი 6.7%-მდე შემცირდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები