„ქარულ ოცნებაში“ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კიდევ ერთი პირობა დაასახელეს

08-12-2021 15:38:20 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჭიროა შეთანხმება და ამისთვის ოპოზიციის მხრიდან სულ მცირე რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა მოიხსნას. მანამდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ოპოზიცამ დღის წესრიგი, რიტორიკა უნდა შეცვალოს და ჩაერთოს საპარლამენტო ცხოვრებაში.

„საკითხი მარტივია – საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გარეშე ვერ მიიღებს, ხოლო ოპოზიცია – „ქართული ოცნების“ გარეშე. ამიტომ, საჭიროა შეთანხმება. შეთანხმებისთვის უნდა იყოს შეთანხმების ატმოსფერო და არა დაძალების, იძულებისა და მოთხოვნის. შეუძლებელია, ერთი მხრივ საუბრობდე, რომ შეთანხმება გინდა და თან პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდე. სულ მცირე, რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა მოიხსნას. საკითხი თავად ამომრჩეველმა მოხსნა იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე 47%-იანი ნდობა გამოუცხადა. ახლა ოპოზიცია ცდილობს, ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ დესტრუქციული დღის წესრიგი შექმნას და რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს. ვიდრე დესტრუქცია იქნება, ამის ფონზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანახმა არ ვართ. ყველამ უნდა აჩვენოს, რომ თანამშრომლობისთვის მზადაა. არ უნდა გადაიხედოს რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რათა ამან ოპოზიციას დესტრუქციულ კალაპოტში მოქცევა არ უბიძგოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევის საკითხს, პაპუაშვილის განმარტებით, საჭიროა მსჯელობა, რადგან 2%-იან ბარიერთან დაკავშირებით სიღრმისეული მსჯელობა არასდროს ყოფილა.

შარლ მიშელის მედიაციით პარტიებს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას. მმართველმა გუნდმა შეთანხმება ანულირებულად გმოაცხადა, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

პოლიტიკური დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ შესაძლოა გადაიხედოს პირველი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო პროექტი. ასეთი განზრახვა კიდევ უფრო რეალური გახდა ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებული ახალი განცხადებების ფონზე. კობახიძემ კერძოდ, თქვა, რომ: საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციისთვის გაკეთებულ „პატარა საჩუქრად“ მიიჩნევს და ჩუქება დამოკიდებული იქნება „სხვადასხვა სუბიექტის ქცევაზე“ და მმართველი პარტიის „კეთილ ნებაზე“; გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ოპოზიციის მიერ სურვილის ჩვენებაზე, რომ „პოლარიზებული გარემო შეიცვალოს“; ეს ცვლილებები, თუკი საერთოდ დაამტკიცებენ, „უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები