ამერიკელი მეცნიერი განმარტავს, როგორ შეუძლია, დააჩქაროს "ომიკრონმა" პანდემიის დასასრული

08-12-2021 16:49:11

ამერიკელი მეცნიერი ჰოუმან ჰემატი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონს" შეუძლია, დააჩქაროს პანდემიის დასასრული.

როგორც მან Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, წინასწარი მონაცემებით, "ომიკრონი" სხვა შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა ინფიცირებისას დაავადების მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია, რაც საშუალებას იძლევა, რომ მსოფლიოში ბევრ ადამიანს განუვითარდეს ანტისხეულები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვას სხვა ახალი ვარიანტებისგან.

"ამ დროისთვის სამხრეთ აფრიკიდან, სადაც პირველად აღმოაჩინეს "ომიკრონი, მხოლოდ რამდენიმე ცნობა გვაქვს მიღებული. თუმცა თეორიულად, თუ ვირუსის ეს ვარიანტი სერიოზულ გართულებებს არ იწვევს და ამავდროულად ბევრად უფრო გადამდებია, მაშინ მივიღებთ სცენარს, რომლის დროსაც მოსახლეობის დიდი პროცენტი მსუბუქი სიმპტომებით ან სულაც უსიმპტომოდ დაავადდება და ამით მათ ანტისხეულები განუვითარდებათ, რომლებიც მომავალში ახალი ვარიანტებისგან დაგვიცავს", - აცხადებს მეცნიერი.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ "ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "ომიკრონი" კორონავირუსის სხვა შტამებზე უფრო უარესი არ არის". თუმცა აღნიშნავენ, რომ "მეტი კვლევა არის საჭირო "ომიკრონის" შესაფასებლად".

„წინასწარი მონაცემები, არ მიუთითებს იმაზე, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმე მიმდინარეობაა", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა ვარიანტები, "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ომიკრონმა" სრულად აირიდოს ვაქცინის დაცვა".

„ჩვენ გვაქვს უაღრესად ეფექტური ვაქცინები, რომლებიც ეფექტური აღმოჩნდა ყველა ვარიანტის წინააღმდეგ მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით და არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ეს ასე არ იქნება “ომიკრონის“ შემთხვევაში", – განაცხადა რაიანმა.

დღეისთვის ახალი შტამი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ომიკრონით“ დაავადების შედეგად გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არაა ჯერ–ჯერობით დაფიქსირებული. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ.