"ფაიზერი": "ვაქცინის მესამე დოზა "ომიკრონს" ანეიტრალებს"

08-12-2021 17:51:38 მსოფლიო

კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინის სამდოზიან კურსს კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ განეიტრალების შესაძლებლობა აქვს.

კომპანიების ცნობით, ვაქცინა "ომიკრონით" ინფიცირებისას ადამიანს გართულებული ავადმყოფობისგანაც იცავს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ "ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, "ომიკრონი" კორონავირუსის სხვა შტამებზე უფრო უარესი არ არის". თუმცა აღნიშნავენ, რომ "მეტი კვლევა არის საჭირო "ომიკრონის" შესაფასებლად".

„წინასწარი მონაცემები, არ მიუთითებს იმაზე, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმე მიმდინარეობაა", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა ვარიანტები, "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ომიკრონმა" სრულად აირიდოს ვაქცინის დაცვა".

„ჩვენ გვაქვს უაღრესად ეფექტური ვაქცინები, რომლებიც ეფექტური აღმოჩნდა ყველა ვარიანტის წინააღმდეგ მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით და არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ეს ასე არ იქნება “ომიკრონის“ შემთხვევაში", – განაცხადა რაიანმა.

დღეისთვის ახალი შტამი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ომიკრონით“ დაავადების შედეგად გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არაა ჯერ–ჯერობით დაფიქსირებული. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ.

Новости

Другие новости