ჯიშკარიანი - სააკაშვილზე: "რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო უსაფრთხო ნავალნისთვის და იგი გათავისუფლდა, იგივე უნდა მოხდეს აქ"

08-12-2021 18:48:51 სამართალი

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, საქართველოს ციხეთა სისტემა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის, შესაბამისად მისი რეკომენდაციაა, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს.

ამასთან, მისი განცხადებით, პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ სააკაშვილის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ არაჰუმანურ მოპყრობასა და წამებაში, გამოძიების დასრულებამდე გადაყენებულ უნდა იქნენ თანამდებობიდან. იგი მიიჩნევს, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემაც.

როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, "ემპათიის" საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში განსაჯაროვდება და მასში, მისი თქმით, "საუბარი იქნება იმ ზიანზე, რომელიც არასათანადო მოპყრობის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ნეიროფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას მიადგა":

"დასკვნაში ასახული იქნება ცალკეული წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მეთოდები და შესაბამისი შედეგები, რაც აისახა ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ნეიროფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ასევე დასკვნაში იქნება რეკომენდაციებიც, ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობისთვის უსაფრთხო არ არის და შესაბამისად, ჩვენი აზრით, ის უნდა იყოს გათავისუფლებული. რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო უსაფრთხო ნავალნისთვის და იგი გათავისუფლდა, იგივე უნდა მოხდეს აქ".

ცნობისთვის: 4 დეკემბერს მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილს არასწორად ჰქონდა დანიშნული ერთ-ერთი ნეიროლეფსიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური მდგომარეობის კუპირებისთვის. მისი თქმით, ეს პრეპარატი ფიგურირებს როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულების სამედიცინო ბარათში, ასევე გორის ჰოსპიტლის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება და კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ჯიშკარიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომდევნო დღეს დაადასტურა მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემაც, რომლის განცხადებით, ექს–პრეზიდენტის სამედიცინო ისტორიის თანახმად, იგეგმებოდა დოზების დაახლოებით ათჯერ გაზრდა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი წამალს გაზრდილი დოზებით მიიღებდა, იგი ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლასაც.

7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს–პრეზიდენტის შესახებ პერსონალური ინფორმაცია და ვიდეო-კადრები. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრათ ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. იუსტიციის სამინისტრო ინსპექტორმა კანონით გათვალისწინებული ოდენობით 500 ლარით დააჯარიმა, პენიტენციური სამსახური – 2000 ლარით, კანონის განმეორებით დარღვევისთვის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც. 9 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე, რომელმაც 8 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, აცხადებს, რომ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება და იგი 9 დეკემბერს დანიშნულ სხდომას სავარაუდოდ, ვერ დაესწრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები