
ინალ არძინბა: "არავითარი კეკლუცი საქართველოსთან არ გვაქვს და არც გვექნება»
08/12/2021 15:44:56 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ინალ არძინბა აფხაზური ოპოზიციის მიერ ახლო წარსულში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება "თბილისთან კეკლუცის" შესახებ და აცხადებს, რომ "საქართველოსთან არავითარი კეკლუცი არ არის და არც იქნება".
«ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ, ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოზე არავითარი ორიენტაცია ნამდვილად არ აქვს. მეტიც, მსგავსი ბრალდებები არაკორექტულად მიმაჩნია" - განაცხადა ინალ არძინბამ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ "საქართველოსთან დაკავშირებული სიტუაცია საკმაოდ სენსიტიურია».
«ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიღებთ როგორც ღია, ისე დახურულ ინფორმაციას საქართველოს ქმედებების, სამომავლო გეგმების შესახებ. მინდა, ჩვენს საზოგადოებას რიგი შემაშფოთებელი მომენტები გავუზიარო. უპირველესად, ესაა საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც უკვე 300 მლნ დოლარს უტოლდება, ანუ მშპ-ის დაახლოებით 2%-ს. ეს შეესაბამება ნატო-ს სტანდარტს, საითაც საქართველო ასე დაჟინებით ისწრაფვის. გარდა ამისა, შავ ზღვაში მუდმივად ხორციელდება სამხედრო წვრთნები საქართველოს, უკრაინის, ნატო-ს მონაწილეობით – ესეც შემაშფოთებელი მომენტია. გარდა ამისა, საქართველო ყოველმხრივ ცდილობს თავის ტერიტორიაზე ოპერატიულ-ტაქტიკური, სადაზვერვო და შემტევი უპილოტოების წარმოების ორგანიზებას. რაში სჭირდება ეს ყველაფერი? - საინტერესო კითხვაა», – აღნიშნა არძინბამ.
ამ კონტექსტში იგი "აფხაზეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობასაც" შეეხო.
«რა მიზნები აქვს ამ თითქოსდა შეუმჩნეველ საქმიანობას? - უპირველესად, ეს არის აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაცია და გაუქმება. რა ძირითადი ინსტრუმენტი გამოიყენება საამისოდ? - ეს უდავოდ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია და საინფორმაციო პროვოკაციებია. ამდენად, შექმნილ ვითარებაში თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა თითოეულ ნაბიჯზე, რომელსაც ვდგამთ! ნახეთ, რა მოხდა ყარაბაღში: ჩვენ რა, ამ გზით გვსურს, ვიაროთ?!» – დასძინა მან.