რუსეთის დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგიდა კვლავ დატოვა

08-12-2021 21:32:09 პოლიტიკა

რუსეთის დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგიდა კვლავ დატოვა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების თემაზე მხარეთა პოზიციები რადიკალურად განსხვავებული რჩება.

„ყველა სხვა რაუნდის მსგავსად, სამწუხაროდ, ამ რაუნდზეც როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა და მოლაპარაკების პროცესი აღარ გაგრძელდა. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. მნიშვნელოვანია, ადრე თუ გვიან ეს გადავლახოთ და დევნილთა დაბრუნების საკითხი იყოს ერთ-ერთი მიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესში. დანარჩენ პროცესთან მიმართებაში რეალობა არის ის, რომ უსაფრთხოების თემაზე მხარეთა პოზიციები რჩება რადიკალურად განსხვავებული“, – განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ლაშა დარსალიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყონ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რაც კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების საფუძველი უნდა გახდეს.

„სამწუხაროდ, აღნიშნულ მიდგომას ვერ ვხედავთ რუსეთის დელეგაციის მხრიდან“, – დასძინა ლაშა დარსალიამ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობა, რომ მცირე ნაბიჯები გადაიდგას ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით:

„მოგეხსენებათ, მოლაპარაკებებზე მსჯელობა მიდის ჰუმანიტარულ საკითხებზეც და ამ რაუნდზე გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობა, რომ პატარა ნაბიჯები გადაიდგას ჰუმანიტარულ საკითხებზე. არავის ინტერესში არ არის, რომ ადგილზე რჩებოდეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მძიმე ფონი. რეალურად, ადამიანის უფლებათა საკითხებს რუსეთი იყენებს ზეწოლის მექანიზმად მოლაპარაკებათა პროცესში, თუმცა პარტნიორებისა და თანათავმჯდომარეების აქტიური ძლისხმევით, იმედი გვაქვს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ჰუმანიტარულ საკითხებზე გარკვეული პროგრესის მიღწევა. ამ მხრივ ველოდებით, რომ თანათავმჯდომარეები მოამზადებენ გარკვეულ წინადადებებს, რომლებიც უკვე შემდეგ რაუნდზე იქნება განხილული. იმედი გვაქვს, რომ თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე შევძლებთ გარკვეული პროგრესის მიღწევას, თუმცა თუ შევაჯამებთ დღევანდელ რაუნდს, როგორც ყველა სხვა წინა რაუნდზე, ამჯერადაც პრაქტიკულად ვერც ერთ საკითხზე წინსვლა ვერ მოხერხდა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები