
გურჯაანში ეკლესია უკვე მეოთხედ გაქურდეს
13/12/2021 08:13:30 სამართალი
გურჯაანში ეკლესია მეოთხედ გაქურდეს. ამჯერად შემთხვევა სოფელ ჩუმლაყის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მოხდა. დაუდგენელმა პირმა ტაძრიდან "ვედრების" ხატი მოიპარა.
ხატის დაკარგვა სტიქაროსანმა, 11 დეკემბერს შეამჩნია. უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, ის გარკვეული დროის განმავლობაში, სოფელში არ იმყოფებოდა და ვარაუდობს, რომ ფაქტიც იმ დროისათვის მოხდა:
"ათი დღის განმავლობაში ვიყავი წასული. დაბრუნების შემდეგ, ეკლესიას მივაკითხე და ვნახე, რომ ღვთისმშობლის "ვედრების" ხატი აღარ არის. ეს ხატის მოპარვის პირველი შემთხვევა არ არის, უკვე მეოთხედ ხდება, როცა ეკლესიებში შედიან, ქურდობენ და არავითარი რეაგირება არ ხდება. ჯერ პოლიციისათვის არ მიგვიმართავს".
გურჯაანში ეკლესიიდან ნივთების მოპარვის ფაქტი გასულ წელსაც დაფიქსირდა, მათ შორის წმინდა გიორგის სახელობის ორი ეკლესიიდან საეკლესიო ნივთები და თანხა წაიღეს. ტაძარი კი დაარბიეს. მომხდარზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.