
„დელტაში“ ახალი სადაზვერვო ჯავშანმანქანის პრეზენტაცია გაიმართა
13/12/2021 11:45:47 თავდაცვა
„დელტაში“ ახალი სადაზვერვო ჯავშანმანქანის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები, მათ შორის მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, ჯავშანჟილეტები, ნაღმმტყორცნები და ჯავშანჩაფხუტები.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, მომავალ წელს მისი უწყება გეგმავს, თავდაცვის ძალებს ქართული წარმოების რვა ახალი სადაზვერვო მანქანა გადასცეს.
"ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა ხარვეზები, რაც ჰქონდა „დიდგორს“, დაიხვეწა და ყოველდღიურად შეჯავშნული მანქანის წარმოება ჩვენ საწარმოში დაიხვეწება. შარშან იყო პირველი წელი, როდესაც თავდაცვის ძალებმა პირველად მიიღეს ქართული წარმოების შეჯავშნული მანქანები. ჩვენი საწარმოს მეშვეობით გადავეცით 40 ერთეული მანქანა, ასევე რვა ერთეულს გადავცემთ მომდევნო წელს.
დღეს ვნახეთ ჩვენი წარმოებული შაშხანები. მას შემდეგ, რაც პროტოკოლით დავაკმაყოფილებთ ჩვენი თავდაცის ძალების მოთხოვნას, ვგულისხმობ რაოდენობას, გადავალთ კომერციული მიზნების განხორციელებაზე. ყოველ წელს შევძლებთ, ათამდე გაუმჯობესებული „დიდგორი მეომარი“ გადავცეთ თავდაცვის ძალებს. ყოველდღიურად ჩვენ საწარმოებში მიმდინარეობს ქართული ნაწარმის გაუმჯობესება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.