
„3+3“–ის ნაცვლად „3+2“: პროვოკაციები პირველივე შეხვედრაზე, რა იქნება შემდეგ?
13/12/2021 14:43:56 ინტერვიუ
რეგიონული თანამშრომლობის გასულ წელს დაანონსებულმა პლატფორმამ, რომლის სიცოცხლისუნარიანობასაც ბევრი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს და ანტიდასავლურ კოალიციად განიხილავს, დაინტერესებული მხარეებისთვის სასურველ „3+3“ ფორმატში ვერა, მაგრამ „3+2“ რეჟიმში აიღო სტარტი, უარს ამბობს რა საქართველო მასში ჩართულობაზე. თუმცა 10 დეკემბერს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გამართულ პირველ შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული სიმბოლო აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის, რუსეთის დროშებთან ერთად იყო წარმოდგენილი და გაჟღერდა მოსკოვის გზავნილიც, რომ „საქართველოსთვის კარი ღია რჩება“, რასაც საქართველოში, სოციალური ქსელით თუ ვიმსჯელებთ, ბევრის გაღიზიანება მოჰყვა.
აღნიშნულ ჟესტს მიუღებელი უწოდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში და განაცხადეს, რომ იყო რეაგირება დიპლომატიური არხებით, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი თენგიზ ფხალაძე კი მას კრემლის შეგნებულ პროვოკაციად აფასებს, ხოლო მიზნებს შემდეგნაირად ხედავს:
- მეტი ვნებათაღელვა შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში;
- იმიტაცია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თითქოს „3+3“ ფორმატი არსებობს. „3+2“ მოცემულობა რუსეთის ფედერაციას არ აწყობს, რადგან მისი ამოცანაა, აჩვენოს, რომ სამხრეთ კავკასიაში ის ფლობს და „ალაგებს“ სიტუაციას, რომ რუსეთის ფედერაციამ, თურქეთმა და ირანმა უნდა გადაწყვიტონ სამხრეთ კავკასიის ბედი და რომ აქ არაფერი ესაქმება აშშ–ს, ევროკავშირს და ა.შ.
შესაბამისად, ფხალაძის აზრით, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რუსეთის მცდელობას, მოატყუოს მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება, რომ რეგიონული თანამშრომლობის კავშირს „3+3“ რეჟიმში ჩაეყარა საფუძველი, თითოეულ ჯერზე მკაფიო პასუხი გაეცეს, რადგან მსგავსი პლატფორმა საქართველოს თანხმობის გარეშე ვერ იარსებებს, ხოლო საქართველომ საკუთარი პოზიცია, რომ მასში ჩართულობას არ განიხილავს, ცალსახად დააფიქსირა:
„ამდენად, ეს არა „3+3“, არამედ „3+2“–ია. მნიშვნელოვანია, ამას ხაზი გაესვას“.
ფორმატის პერსპექტივა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველ შეხვედრაზე განხილული იყო შემდგომი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმები, სამომავლოდ პროფილური სამინისტროებისა და უწყებების შესაძლო ჩართვისათვის.
ამავე წყაროს მიხედვით, სხდომის განმავლობაში განიხილეს მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები. შეთანხმდნენ, რომ პლატფორმის მუშაობა ფოკუსირებული იყოს პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებიც წარმოადგენს მისი ყველა მონაწილის ინტერესს. მათ შორის - ზომების მიღება ნდობის ასამაღლებლად, ურთიერთქმედება სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით და წინააღმდეგობის გაწევა საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებზე.
„განიხილება კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, იგივე აზერბაიჯანსა და ირანს შორის ხიდის მშენებლობა, თუმცა აქ ახალი არაფერია – მათზე ორმხრივ ფორმატებშიც მსჯელობდნენ“,– აღნიშნავს ფხალაძე და იქვე დასძენს, რომ ერთადერთი სიახლე არის სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობა და ნახიჩევანთან აზერბაიჯანის დამაკავშირებელი დერეფნის საკითხი, რომელმაც სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს და რომელიც ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემად იქცა ორი ქვეყნის ურთიერთობებში:
„აქ დგება საკითხი, ვისი იურისდიქციის ქვეშაა დერეფანი. ჯერ–ჯერობით რაც ამის თაობაზე არის ცნობილი, მას აკონტროლებენ რუსი მესაზღვრეები. 100%–იან სომხურ იურისდიქციას აზერბაიჯანი არ თანხმდება, თავის მხრივ, საკუთარ იურისდიქციას არ თმობს სომხეთი, რადგან მის ტერიტორიაზე გამავალ დერეფანზეა საუბარი და არ სურს, სხვა რეჟიმები მოქმედებდეს“.
გარდა ამისა, მკვლევარი ფორმატში ჩართულ დანარჩენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არსებულ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას: წინააღმდეგობები სომხეთსა და თურქეთს შორის, ირანსა და თურქეთს შორის, ირანსა და აზერბაიჯანს შორის, თურქეთსა და რუსეთს შორის:
„ამასთან, ირანი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები განიხილება, თურქეთიც სერიოზული კრიტიკის „ქარცეცხლში“ მოჰყვა დასავლეთისგან რუსეთთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯებისთვის. ამ პრობლემების გორგალში ძალიან რთულია, ვისაუბროთ „3+2“–ის მიზიდულობაზე, რადგან რეალურად ეს არის პოლიტიკური ტურბულენტობის ფორმატი, რომლის სტაბილურობაც იმდენად მყიფეა, რომ „ბეწვზეც“ კი არ კიდია. მაგრამ მას აქვს მოსკოვისთვის ძალიან სეროზული პოლიტიკური დატვირთა და არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში ფესვების გამაგრების, არამედ ირანზე შემდგომი ზეგავლენის გაძლიერების კონტექსტში. სწორედ ამიტომ, ყველაფერს აკეთებს, წარმოაჩინოს, თითქოს ეს ფორმატი არსებობს“.
ანტიდასავლური კოალიცია და საქართველო
როდესაც მცდელობებია ანტიდასავლური კოალიციის შეკვრის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კავშირი ევროკავშირთან, ნატოს–თან, აშშ–სთან, რათა ის მეტად იყოს დაცული, მეტად ჩაერთოს ევროპულ პროექტებში და ნაკლებად იყოს დამოკიდებული რეგიონული კონიუნქტურულ თამაშებზე, რომლითაც რუსეთი მანიპულირებს,– ამბობს ფხალაძე "აქცენტთან" და იქვე დასძენს, რომ „ჩვენთვის „3+2“ განსაკუთრებულად არაფერს ცვლის: ფორმატის წევრები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და თუ სურთ, ერთმანეთთან ახალი პროექტების განვითარება, ეს მათი საქმეა. საქართველოსაც აქვს თავისი ურთიერთობები აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, ირანთან, რუსეთის ფედერაციასთანაც გვაქვს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები. მაგრამ როდესაც საუბარია კოალიციის შექმნაზე, სადაც დასავლეთი არ მოიაზრება, აქ სიფრთხილე გვმართებს, უნდა გავამახვილოთ ჩვენი პარტნიორების ყურადღება, რომ რეგიონში ხდება რაღაც, რაც აქ დასავლეთის ყოფნის მაქსიმალურად შევიწროებას გულისხმობს. ის "მიპატიჟებებიც", რომლებიც ჟღერდება აზერბაიჯანის მიმართ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ჩასართავად, შემთხვევითი არაა“.
ფხალაძე დარწმუნებულია, რომ შექმნილ რთულ ვითარებაში საქართველომ საკუთარი რესურსები არსებული თუ ახალი პროექტების „გახსნისკენ“ უნდა მიმართოს. იგივე ეკონომიკური მიმართულებით მას მაგალითად ევროკავშირის შიდა ინიციატივა – „სამი ზღვის თანამშრომლობა“ მოჰყავს, რომელიც ევროკავშირთან ინფრასტრუქტურულად მეტ ბმას გულისხმობს:
„სადღეისოდ ეს ევროკავშირის შიდა ინიციატივაა, მაგრამ აუცილებელია, დავარწმუნოთ ევროპელი პარტნიორები, რომ ის გაფართოვდეს და გავრცელდეს საქართველოზეც. ახლა არის პერიოდი, როდესაც მაქსიმალურად მომთხოვნები უნდა ვიყოთ საკუთარი თავისა და პარტნიორების მიმართ და მათთან ერთა მაქსიმალურად ვიფიქროთ ახალი ინიციატივების განვითარებაზე; მაქსიმალურად გავხადოთ საქართველო მიმზიდველი ევროპული და ამერიკული ბიზნესისთვის – მეტი ევროპული და ამერიკული ბიზნესი საქართველოში გულისხმობს დაცულობასაც: მსგავს შემთხვევაში დასავლეთი გაცილებით თამამი იქნება ჩვენი დაცულობის კონტექსტში.
მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები. მაგალითად, პოზიტიური თემაა, საქართველო–ევროკავშირ–თურქეთის დიაგონალურ თანამშრომლობის ხელშეკრულება, როდესაც საქართველომ კარგად გამოიყენა თავისი შესაძლებლობა და შეთანხმების შედეგად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია, რომელშიც თურქული ნედლეული იქნება გამოყენებული, ისარგებლებს ნულოვანი ტარიფით. ეს კარგია საქართველოსთვის და თურქეთისთვისაც“.
ამდენად, მკვლევარს მიუხედავად იმისა რომ „3+2“ ფორმატის ინსტიტუციონალიზაცია რთულად ესახება მონაწილე ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ფიქრობს, რომ თბილისმა ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი მოვლენათა განვითარებას საფრთხეებისა და რისკების გათვლის მიზნით და მიმართოს მეტი ძალისხმევა ეროვნული ინტერესების დაცვისკენ, ხოლო ნაკლები – შიდა დაპირისპირებაზე, რომელიც დაუსრულებელ ციკლად იქცა ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021