"მოსკოვში "3+3" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც მიუღებელია ჩვენთვის, გვქონდა რეაგირება"

13-12-2021 17:33:16

საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატში აცხადებენ, რომ მოსკოვში "3+3" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს დროშის გამოყენება „მიუღებელია“.

"ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონალურ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება", – აცხადებენ საგრეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატში.

ცნობისთვის: 9 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ოფიციალური თბილისი ხსენებულ პლატფორმაში ჩართულობას არ განიხილავს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ "3+3" რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“,– განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში 9 დეკემბერს.

რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველ, სომხეთი) შექმნის აუცილებლობის თაობაზე, რომელსაც ბევრი ექსპერტი რეგიონიდან დასავლეთის განდევნის მცდელობად განიხილავს, გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინიციატივას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანის, ირანის და რუსეთის ლიდერებმა. თბილისში კი აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთთან ერთობლივ ვერავითარ ფორმატში ვერ ჩაებმება, სანამ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რაც შეეხება სომხეთს, როგორც ამასწინათ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, "სომხური მხარე შეიძლება, დაინტერესებული იყოს "3+3" ფორმატით, თუ გამოიკვეთება, რომ მის ფარგლებში არ იქნება განხილული საკითხები, რომლებსაც ერევანი სხვა ფორმატებში განიხილავს" და თქვა ისიც, რომ წინასწარ სხდომაზე ოფიციალური ერევნის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი.

მიუხედავად მსგავსი სამზადისისა, კონფლიქტოლოგთა ნაწილი ფორმატს „მკვდრადშობილს“ უწოდებს პოტენციურ მონაწლეთა აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები