Accentnews.ge
პროკურატურამ იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

პროკურატურამ იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

14/12/2021 16:55:00 სამართალი

სოფელ კრწანისის იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებული პირი პროკურატურამ დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსი სოფელ კრწანისში იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ პირადი ღირსების შემლახველ და დამამცირებელ დასჯის მეთოდებს იყენებდა.

"პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსი სოფელ კრწანისში იაღლუჯას სამხედრო ბაზაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ პირადი ღირსების შემლახველ და დამამცირებელ დასჯის მეთოდებს იყენებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 აპრილს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად, მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არაადამიანური მოპყრობა), ასევე, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 5 წლით აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის: 21 აპრილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

უწყების ცნობით, „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ ე.წ. ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები. კერძოდ:

  • 2020 წლის 14 მარტს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ერთი საათიდან ორ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილს, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკი.
  • ასევე, 2020 წლის 25 მაისს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ერთი ჯარისკაცი აღჭურვა 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით და აღნიშნული ეკიპირებით ათი-თერთმეტი საათის განმავლობაში, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ფეხსაცმლისა და კბილის ჯაგრისებით, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, საპირფარეშო ოთახის იატაკი, საპირფარეშოს კარები და ჩარჩოები, უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა.
  • გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის 03 ივლისს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცს, რომელიც პირადი შემადგენლობის სხვა ჯარისკაცებთან ერთად იდგა მწყობრში ყაზარმის სიახლოვეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა ყელის არეში და თავი ჩაარტყა შუბლში.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ამავე სამმართველოს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ე.წ. ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები. კერძოდ:

  • 2020 წლის 28 იანვარს, ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ნახევარი საათიდან ერთ საათამდე ხანგრძლივობით, კბილის ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის იატაკი და ონკანის ნიჟარები.
  • ასევე, 2020 წლის 24 მაისს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ 2 ჯარისკაცს, ორი საათიდან ოთხ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილებს, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, პირსაბანი ოთახის იატაკი და საპირფარეშოს კარი.
  • გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის 17 ივნისს, ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახი, პირსაბანი ოთახის სივრცე და საპირფარეშოს კარი.

ზემოაღნიშნული გარემოებები დასტურდება ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ფოტო-მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით, მათ შორის დეპარტამენტის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით და სხვა მტკიცებულებებით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S