
DRI: "ლაშქარავას საქმის გაჭიანურება შეიძლება, იყოს მოძალადეებზე ხელის დაფარების მცდელობა"
15/12/2021 08:43:35 სამართალი
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ხუთი თვის გასვლის მიუხედავად "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზების გამუძიებლობას, ჟურნალისტებზე 5 ივლისს მასობრივი ძალადობაში ჩართული დამნაშავეებისთვის ხელის დაფარების მცდელობადაც განიხილავს.
"სამედიცინო ექსპერტიზის მიერ მიღებულ დაზიანებებსა და 11 ივლისს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემა ამ შედეგისათვის პროცესუალურად გამოირიცხება, ხოლო, მათი განმეორებითი მსჯავრდება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისათვის, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ და სხვა საგამოძიებო ორგანოებმა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირებულობა საქმის მიმდინარეობის შესახებ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
"ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ისევ უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თვის თავზეც არ აქვს ექსპერტიზის პასუხი, რომელსაც უნდა დაედგინა რა გახდა ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი. ლაშქარავა 2021 წლის 11 ივლისს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სიძულვილის ჯგუფების მასობრივი ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.