
რუსეთმა აფხაზეთიდან "ელჩი" გაიწვია
15/12/2021 09:26:01 კონფლიქტები
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან თავისი "ელჩი" ალექსეი დვინიანინი გაიწვია.
"15 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აფხაზეთის რესპუბლიკაში ალექსეი დვინიანინმა თავისი მისია დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა" - ნათქვამია რუსეთის "საელჩოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ელჩის" მოულოდნელი გადაყენების მიზეზები მასში განმარტებული არ არის.
"აქცენტის" ინფორმაციით კი, მოსკოვი უკმაყოფილოა დვინიანინით, რომელსაც "ანტირუსულ განწყობებთან სათანადოდ გამკლავების მისიის ვერშესრულებას" ედავება.
ანტირუსული განწყობები, რომელიც ბოლო წლებში ოკუპირებულ აფხაზეთში ისედაც იზრდებოდა, განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო პერიოდში, როდესაც მოსკოვი აქტიურ ანექსიურ ქმედებებზე გადავიდა.
ვინ შეცვლის "ელჩის" თანამდებობაზე დვინიანინს - ჯერ უცნობია. დროებით ამ მოვალეობას "საელჩოს მრჩეველი" მაქსიმ ლიტვინოვი ასრულებს.
როგორც "აქცენტს" სოხუმიდან აცნობეს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ანექსიურ გეგმებს აფხაზურ საზოგადოებასა და "პარლამენტში" საგრძნობი წინააღმდეგობა შეხვდა, მოსკოვმა ერთგვარი ტაიმაუტის აღება გადაწყვიტა და დე ფაქტო ხელისუფლებას დაავალა, "თავად შეამზადოს შიდა ვითარება".
აღსანიშნავია, რომ დღეს დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია "დეპუტატებს" ხვდება. მსჯელობა ყველა იმ მწვავე საკითხის ირგვლივაა დაგეგმილი, რომელიც მოსკოვის ანექსიურ გეგმებს უკავშირდება, მათ შორის - ენერგოსექტორის რუსეთისთვის გადაბარებაზე, "სუვერენიტეტის ნაწილობრივ რუსეთისთვის დათმობაზე" და სხვა.
ცნობისთვის: ალექსეი დვინიანინი "ელჩად" 2018 წლის მარტიდან მუშაობდა, მანამდე იგი რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახლდათ.
დვინიანინის წინამორბედმა სემიონ გრიგორიევმა "ელჩად" 2008 წლის 25 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 მარტამდე იმუშავა.