Accentnews.ge
ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსამართლის აცილება მოითხოვა

ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსამართლის აცილება მოითხოვა

15/12/2021 12:37:20 სამართალი

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დღეს თავისივე პროცესზე მოსამართლის აცილება მოითხოვა. გვარამიას თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე საქმის ერთ-ერთი მოწმის ზაზა გველესიანის ახლო მეგობარია, რაც არც მოსამართლემ უარყო.

მოსამართლემ თქვა, რომ არ იცოდა რა თანამდებობას იკავებს "რუსთავი 2"-ში მისი მეგობარი ზაზა გველესიანი იმის მიუხედავად, რომ ის წინა სხდომაზე დაიკითხა. მოსამართლემ დაადასტურა, რომ მას გველესიანთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

"რატომ არ განმარტეთ, თქვენო ღირსებავ, რომ საქმეში მოწმედ მყოფი პირი არის თქვენი მეგობარი, რომელთანაც გაქვს პერსონალური ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა და ამავდროულად, რომ არც ყოფილიყო ის მოწმეთა სიაში, ის წარმოადგენს კომპანიას, რომელიც არის დაზარალებულად ცნობილი ამ საქმეში", - მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ თქვა, რომ მეგობრობას აქვს "თავისი ფორმატი" და არ ნიშნავს, რომ საქმეზე აქვთ საუბარი.

"მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს შეუძლია პირადად მე და სხვა ბრალდებულები დაარწმუნოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, რომ მათ წინააღმდეგ დამდგარი განაჩენი შეიძლება შეცდომით დამდგარია, მაგრამ ობიექტური და მიუკერძოებელი მსჯელობის შედეგი. ამ შემთხვევაში შინაგანი რწმენა ვერ გვექნება, რომ თქვენ ობიექტურ განაჩენს დააყენებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ მიზანმიმართულად გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანას აპირებთ", - მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.

განხილვის შემდეგ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ამის მიზეზად მისი უსაფუძვლობა დაასახელა:

„რაც შეეხება შუამდგომლობას, მხარეს აქვს უფლება გამოხატოს მისი პოზიცია. სასამართლოს შეფასებით ეს არის მოსაზრება და ვერ გახდება სასამართლო შემადგენლობის აცილების საფუძველი“.

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორისა და ახლა უკვე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არხის "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება 2019 წელს დაიწყო. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. კერძოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ჯარიმა, გამოსასწორებელი სამუშაო, შინაპატიმრობა ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს პროკურატურის ბრალდებით, გვარამია მოქმედებდა "რუსთავი 2-ის" ინტერესების საწინააღმდეგოდ, როცა"ინტერ მედია პლიუს"-ს გაუფორმა ხელშეკრულება - შემდეგ კი განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება 6 763 510 ლარი განზრახ არ მოითხოვა.

"ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით (სულ 43 230 509 ლარი), შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვეს მხოლოდ 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს შპს "ინტერ მედია პლიუსისგან" 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება", - აცხადებდა მაშინ პროკურორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S