
რა წერია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში
15/12/2021 22:00:45 პოლიტიკა
დღეს ბრიუსელში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტი 20 პუნქტისგან შედგება.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ "ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს აცნობიერებს", თუმცა მასში არაფერია ნათქვამი ამ ქვეყნებისთვის ე.წ. ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე.
"ვაცნობიერებთ პარტნიორების ( საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებში არის განსაზღვრული. შეთანხმებები ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას", – ნათქვამია დეკლარაციაში.
რაც შეეხება "ასოცირებული ტრიოს" ფორმატს, იგი დოკუმენტში მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები:
"დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივას ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე და დადებითად ეხმაურება მათ გადაწყვეტილებას, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან და გაზარდონ კოორდინაცია ერთმანეთთან საერთო ინტერესის საკითხებზე, რომელიც ასოცირების შეთანხმებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებას უკავშირდება. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები გამოიკვლევენ სექტორული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს, მათ შორის (და არა ლიმიტირებულად) მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის და დაკავშირებადობის, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით. ამავდროულად, ევროკავშირი ხაზს უსვამს ინკლუზიურობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც კარს ღიად ტოვებს ყველა დაინტერესებული პარტნიორისთვის".
სამიტის დეკლარაციაში დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხადაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში:
"ევროკავშირი კვლავ ერთგულია მხარი დაუჭიროს ყველა აღმოსავლელი პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. [...] ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ბევრ ნაწილში უწყვეტი დესტაბილიზაციისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის გამო, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ჩვენ მოვუწოდებთ, განახლდეს ძალისხმევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის ძალისხმევას, გაძლიერებულ ჩართულობას და გაძლიერებულ როლს კონფლიქტების პრევენციაში, კონფლიქტების მოგვარებაში, ნდობის აღდგენის საქმეში, არსებული მოლაპარაკებების ფორმატების ფარგლებში".
დოკუმენტში ხაზგასმულია რეფორმების გატარების მნიშვნელობა.
"ჩვენი თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე განისაზღვრება ჩვენი შესაბამისი შეთანხმებებით და გაგრძელდება როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით. ევროკავშირის პირობითობა და სტიმულზე დაფუძნებული მიდგომა (მეტი — მეტისთვის, ნაკლები — ნაკლებისთვის) გაგრძელდება, რათა მეტი სარგებელი მიიღონ პარტნიორებმა, რომლებიც უფრო მეტად ახორციელებენ რეფორმებს. ვადასტურებთ ნებისმიერი პარტნიორის სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიოს ამბიციის დონე და მიზანი, რომელსაც ესწრაფვიან ევროკავშირთან ურთიერთობებში. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს კონსტრუქციული პარტნიორობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მოწოდებულია მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის სამეზობლოში. აღმოსავლეთ პარტნიორობა დარჩება ინკლუზიური და მოქნილი, რაც დაეხმარება საერთო რეგიონული და გლობალური პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტას. ამ მხრივ ხაზს ვუსვამთ ჩვენს განსაკუთრებულ მიზანს, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ხელი შევუწყოთ რეგიონული თანამშრომლობას, მათ შორის კავშირებისა და სატრანსპორტო კავშირის გაძლიერებით. [...] მდგრადობის გაზრდის მიზნით, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე ხელისუფლების ყველა დონეზე, თაღლითობის, კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ასევე კიბერმდგრადობაზე", – ნათქვამია დეკლარაციაში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზადაა, განავითაროს აღმოსავლეთ პარტნიორობა ახალი დღის წესრიგით, რომელიც "დაეფუძნება 2.3 მილიარდი ევროს ღირებულების რეგიონულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელსაც აქვს 17 მილიარდ ევრომდე სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზების პოტენციალი რეგიონში".