
ინგუშეთის პროტესტის ლიდერებს მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
16/12/2021 06:21:25 კავკასია
რუსეთის სასამართლომ ინგუშეთის 2018-2019 წლის საპროტესტო აქციების ლიდერებს პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია 7 აქტივისტზე. მათი სასჯელის ზომა 7.5-დან 9 წლამდე მერყეობს.
2018-19 წლებში გამართული უპრეცედენტო საპროტესტო აქციებით ინგუშეთის ათობით ათასი მცხოვრები ჩეჩნეთთან საზღვრის დადგენის ხელშეკრულებას აპროტესტებდა. აღნიშნულს თან ახლდა შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.
ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებს – რამზან კადიროვსა და იუნუს-ბეკ ევკუროვს შორის 2018 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციის ორ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას შორის ტერიტორიების გაცვლას გულისხმობს. კადიროვი და ევკუროვი ამბობენ, რომ თანაბარი ტერიტორიები გაცვალეს, ინგუშები კი ფიქრობდნენ, რომ მათ გაცილებით ნაკლები ტერიტორია მიიღეს, ვიდრე დათმეს.
ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ხსენებული დოკუმენტი არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა რუსეთი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა.
სასაზღვრო შეთანხმების წინააღმდეგ მასობრივი აქციები ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2019 წელსაც გაგრძელდა. სწორედ 2019-ში, 26-27 მარტის აქციებზე დააკავეს ხსენებული 7 აქტივისტი, მათ შორის 6 კაცი და 1 ქალი.
აღნიშნულ პირებს განაჩენი ქალაქ კისლოვოდსკის სასამართლომ, 15 დეკემბერს გამოუტანა. მათ “ხელისუფალთა წინააღმდეგ ძალადობის ორგანიზებას” ედავებოდნენ.
ინგუში აქტივისტების დაპატიმრება საერთაშორისო უფლებამდაცველმა ორგანიზაციამ, “ამნესთი ინთერნეიშენალმა” გააკრიტიკა.
ორგანიზაციამ პროტესტის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა.
“ამნესთი ინთერნეიშენალი” რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს ხსენებული სასჯელები და დაასრულოს “დაუნდობელი თავდასხმა” სიტყვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე.