ასოცირებული ტრიო: "მოვუწოდებთ ევროკავშირს, აღიაროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა"
16/12/2021 06:58:16 პოლიტიკა
ასოცირებული ტრიო მოუწოდებს ევროკავშირს, აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა.
ამის შესახებ ნათქვამია ასოცირებული ტრიოს (საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფოს) მთავრობათა მეთაურების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-6 სამიტის შემდეგ გავრცელდა.
"მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ხელახლა დავადასტურეთ სრული მზაობა, რომ ვიმუშავებთ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, რასაც ჩვენი ხალხების მტკიცე ნება ამყარებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ "ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს აცნობიერებს", თუმცა მასში არაფერია ნათქვამი ამ ქვეყნებისთვის ე.წ. ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე.
"ვაცნობიერებთ პარტნიორების ( საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებში არის განსაზღვრული. შეთანხმებები ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას", – ნათქვამია დეკლარაციაში.
რაც შეეხება "ასოცირებული ტრიოს" ფორმატს, იგი დოკუმენტში მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები:
"დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივას ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე და დადებითად ეხმაურება მათ გადაწყვეტილებას, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან და გაზარდონ კოორდინაცია ერთმანეთთან საერთო ინტერესის საკითხებზე, რომელიც ასოცირების შეთანხმებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებას უკავშირდება. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები გამოიკვლევენ სექტორული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს, მათ შორის (და არა ლიმიტირებულად) მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის და დაკავშირებადობის, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით. ამავდროულად, ევროკავშირი ხაზს უსვამს ინკლუზიურობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც კარს ღიად ტოვებს ყველა დაინტერესებული პარტნიორისთვის".
იხილეთ ასევე: რა წერია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში


