Accentnews.ge
საქართველო თანამოქალაქის ხანგოშვილის მკვლელობაზე საპასუხო ზომებზე არაფერს ამბობს და ამავდროულად, მომხდარის შეფასებისკენ მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, რომელმაც უკვე რეაგირებაც მოახდინა

საქართველო თანამოქალაქის ხანგოშვილის მკვლელობაზე საპასუხო ზომებზე არაფერს ამბობს და ამავდროულად, მომხდარის შეფასებისკენ მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, რომელმაც უკვე რეაგირებაც მოახდინა

17/12/2021 07:52:58 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე საპასუხო ზომებზე თავად არაფერს ამბობს და ამავდროულად, მომხდარის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, რომელმაც უკვე რეაგირებაც მოახდინა. ამის შესახებ ოფიციალური თბილისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ბერლინის ფედერალური მიწის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის მე-2 სენატმა, 2019 წლის 15 აგვისტოს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ.-ს, იგივე ვადიმ ს.-ს მკვლელობისა და ნახევრად ავტომატური მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს სენატის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ (ციტატა:)„ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის მთავრობაში შემავალი სახელმწიფო ორგანოდან მიიღო ბრძანება, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის, თორნიკე კ.-ს ბერლინში ლიკვიდაციის შესახებ რუსეთის ცენტრალური სახელმწიფოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა და ჩეჩნეთის მეორე ომში მისი როლის გამო”

მოგეხსენებათ, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობდა გერმანიის შესაბამის უწყებებთან და თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს. მათ შორის, გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქისთვის ბრალის წაყენების და მკვლელობის შემკვეთად რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო უწყებების დასახელების შემდგომ, მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ეს ძალადობრივი ქმედება და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 16 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ცნობისთვის: ბერლინის სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს ბრალდების მხარის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვმა ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით განახორციელა. კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის შემდეგ გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა.

იხილეთ ასევე: აშშ– ხანგოშვილის საქმეზე: "მივესალმებით გერმანიის პასუხს ბერლინის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე"

ბერლინის სასამართლოს განაჩენს რუსეთი მყისიერად გამოეხმაურა. კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, "ამან არ უნდა იმოქმედოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და გერმანიის ახალ კანცლერს ოლაფ შოლცს შორის დიალოგის ჩამოყალიბების პერსპექტივებზე".

რუსეთის საგარეო უწყებაც მკვლელობასთან რუსეთის სახელმწიფო ორგანოების კავშირის შესახებ ბრალდებები "კატეგორიულად უარყო" და მათ "სრულიად უსაფუძვლო, რეალობას მოწყვეტილი" უწოდა, თავად ხანგოშვილს კი - "ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტული ბანდფორმირებების ერთ-ერთი ლიდერი".

"რუსეთი ღრმადაა იმედგაცრუებული გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ორი რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე. ბერლინში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს", – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

ცალკე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც ხანგოშვილის საქმე "პოლიტიზირებულად" მოიხსენია.

"საქმე, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიზირებულია, კანონიერებისა და სამართლისგან სრულიად მოწყვეტილი. ვფიქრობ, ღირს, კიდევ ერთხელ გადაიკითხონ რუსეთის ბრალდებული მოქალაქის ადვოკატის განცხადება - და ყველაფერი ნათელი გახდება», – განაცხადა ზახაროვამ YouTube-არხ «Соловьев Live"-ის ეთერში საუბრისას.

ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით ბერლინის ცენტრში მდებარე პარკში.

გამოცემა The Insider-მა, დამოუკიდებელმა ჯგუფმა Bellingcat-მა და ჟურნალმა Der Spiegel-მა მოახერხეს დაედგინათ, რომ ხანგოშვილის მკვლელი არის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ფსბ-ს სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელში“ მსახურობდა. როგორც გამომძიებლები აღნიშნავენ, მას ასევე ბრალი მიუძღვის რუსეთში ორი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობებში.

კრასიკოვი გერმანიაში ჩავიდა პასპორტით, რომელიც სხვა სახელზე იყო გაცემული. ის ხანგოშვილის მკვლელობიდან ცოტა ხანში დააკავეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სასამართლო პროცესის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე გამოვიდა ბრალდების მოწმე, რომელიც ბრალდებულის ახლო ნათესავია. მან არა მხოლოდ ამოიცნო კრასიკოვი, არამედ ჩვენება მისცა იმის შესახებ, რომ ის ადრე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფში მსახურობდა.

ამავე თემაზე: "პირში გეუბნებიან,ძმები ვართო და როდესაც ზურგშექცეულს დანას მირტყამ, ასეთი ძმობა არ მესმის“ - რას ყვებოდა ხანგოშვილი "აქცენტთან" ინტერვიუში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S