
აფხაზეთის გასომხება: ახალი ინტენსიური ტალღა მღვრიე წყალში
18/12/2021 12:36:32 კონფლიქტები
პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება-რეალიზება ხშირად “მღვრიე წყალში” ხდება. აფხაზეთში კი სადღეისოდ წყალი საკმარისად მღვრიეა – როგორც პირდაპირი (ვგულისხმობ დაუსრულებელი გათიშვების შემდეგ ონკანში მომდინარე ჟანგიან ნაკადს), ისე გადატანითი მნიშვნელობით. სანამ უშუქობით, უწყლობით, უსახსრობით, რუსული დოტაციების დანაწილებისთვის მებრძოლი “პოლიტიკური” ძალების გაუთავებელი ბატალიებით გადაღლილი მოსახლეობა ხელისუფლების მიერ “სუვერენიტეტის ნაწილის რუსეთისთვის დათმობის” დაანონსების შემდეგ შიშით ელის ხვალინდელ დღეს, აფხაზეთში ინტენსიურად ხორციელდება გასომხების მორიგი – შესაძლოა, საბოლოო ტალღა.
ეთნიკური სომხების აფხაზეთში ჩასახლების სქემა მარტივია და არცთუ ხარჯიანი. ადგილობრივთათვის დიდი ხანია, აღარ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ პროცესს ხელმძღვანელობს რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი ყოფილი სპორტსმენი, მსხვილი ბიზნესმენი და მეცენატი რუბენ ტატულიანი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ მოკლული «კანონიერი ქურდის» - «დედ ჰასანის» მემკვიდრე და ადგილობრივი კრიმინალიტეტის «მეთვალყურე» გახდა, «რობსონის» მეტსახელი მიიღო და მას შემდეგ რუსეთის ყველა სახელისუფლებო სტრუქტურაში აქტიურად ლობირებს როგორც დანაშაულებრივი სამყაროს, ისე სომხური დიასპორის ინტერესებს. “რობსონის” განკარგულებაშია ე.წ. «დახმარების ფონდი», რომლის სახსრები ისტორიული სამშობლოდან სადმე სხვაგან, მაგალითად აფხაზეთში გადასახლების მსურველი სომხების კეთილმოწყობას ხმარდება. და არ იფიქროთ, რომ საუბარია რამდენიმე ათეულ ან თუნდაც ასეულ ადამიანზე: გასული წლის ბოლოს მონაცემებით, ტატულიანის «ფონდის» ამოქმედებიდან მარტო აფხაზეთში სომხეთიდან უკვე 20 ათასზე მეტი სომეხი იყო ჩასახლებული.
ადგილზე კი - თავად აფხაზეთში ამ საქმეს სომხური დიასპორა კურირებს. მას წინასწარ გადაეცემა იმ მოქალაქეთა მონაცემები, რომელთათვისაც საცხოვრებლები და საბუთები უნდა მოამზადოს. ბოლო დრომდე აფხაზეთში ჩასულებს აბინავებდნენ დროებით საცხოვრისებში, სადაც ისინი დაახლოებით 6 თვეს რჩებოდნენ – სწორედ ამდენი სჭირდებოდათ ტატულიანსა და მის თანაშემწეებს ჩასულთათვის ყველა აუცილებელი ოფიციალური საბუთის გასაფორმებლად. მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში, არაოფიციალური ინფორმაციით, ეს დრო საგრძნობლად შემცირდა და ახლა აფხაზეთში ჩასულ სომხებს დოკუმენტებს სასწრაფო რეჟიმში უფორმებენ.
ეს დროებითი საცხოვრისები ერთი ბეწო ოთახები როდია: რეალურად, ეს არის მაღალი გალავნით შემოღობილი 2-3 ჰა ტერიტორია, რომელზეც თანამედროვე 2-3-სართულიანი სახლებია აგებული, თითო ნაკვეთზე — 7-8 შენობა. ამ ტერიტორიაზე მოხვედრა უცხო პირთათვის იკრძალება და თუ თქვენდა საუბედუროდ, მოახერხეთ და შიგნით მაინც აღმოჩნდით, ელოდეთ უსიამოვნებებს: მსგავსი შემთხვევებისთვის სომხურ თემს «განგაშის ღილაკი» გააჩნია – და ორიოდ წუთში თქვენს ირგვლივ ჯერ რამდენიმე ათეული უკმაყოფილო სომეხი შეიყრება, ხოლო შემდეგ - სამართალდამცველები, რომლებსაც როგორც თქვენი ვიზიტის მიზნები, ისე საბუთები და ყველაფერი დანარჩენი დააინტერესებთ.
სადღეისოდ, არაოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ გაგრის რაიონში მსგავსი ტერიტორიები უკვე ხუთია. უზარმაზარ ფართობებზე მთელი კოლონიაა გაშლილი სომხური ოჯახების, რომლებიც მალე აფხაზეთის მოსახლეობის რიგებს შეავსებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთის მკვიდრთ არაერთხელ აღუმაღლებიათ ხმა დემოგრაფიული კატასროფის სართხესთან დაკავშირებით. ეთნიკური სომხების უკონტროლო ჩასახლებით უკმაყოფილოთა საპროტესტო ტალღა სოცქსელებშიც არაერთხელ აგორებულა, თუმცა ამას იქით საქმე არ წასულა. როგორც კი უკმაყოფილოთა ხმები მძლავრდება, საქმეში ერთვებიან აფხაზეთის სამამულო ომის სომეხი ვეტერანები, რომლებიც, მანიპულირებენ რა აფხაზთა პატრიოტული გრძნობებით, შეახსენებენ მოსახლეობას იმ მხარდაჭერასა და დახმარებას, რომელიც ომის დროს აფხაზეთს სომხებმა გაუწიეს. არადა, არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში სომხების რაოდენობა იმდენადაა გაზრდილი, რომ უკვე არაერთი წელია, რამდენჯერმე აჭარბებს მოსახლეობის აფხაზურ ნაწილს.
აფხაზური სახელისუფლებო ორგანოები ღიად ვერ ახდენენ გავლენას ვითარებაზე, რომელსაც რუბენ ტატულიანი მართავს. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო შემოიღეს რამდენიმე წლის წინ არაოფიციალური აკრძალვა ეთნიკური სომხებისთვის მოქალაქეობისა და ჩაწერის მინიჭებაზე. ასე იყო, ყოველ შემთხვევაში, 5-6 წლის წინ. თუმცა თუ შემდგომი მოვლენებით ვიმსჯელებთ, ეს აკრძალვა, სავარაუდოდ, გაუქმდა, - სხვა ვერაფრით ავხსნით ჩასახლებული სომხების რაოდენობის ესოდენ ზრდასა და მათთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მასობრივად მინიჭებას.
«გაგრის რაიონი სომხებს უკვე სრულად აქვთ ოკუპირებული. იქ სხვა ეროვნების მაცხოვრებელი თითქმის აღარც დარჩა. თანაც უკვე არა მარტო მოშორებულ სოფლებში სახლდებიან: უპირატესობას ზღვის სანაპიროს ანიჭებენ», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ალექსეი. მისივე თქმით, “აფხაზეთში მცხოვრები სომხების უმრავლესობა ყარაბაღიდანაა და რესპუბლიკაში ბოლო – ამასწინანდელ მეორე ომამდე ბევრად ადრე ჩასახლდა.
და მიუხედავად ამისა, გასული 2020 წლის ბოლოს, პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაზე ჯერ მელანიც არ იყო შემშრალი – და “დონეცკის გმირმა” ახრა ავიძბამ “ყარაბაღიდან დევნილთათვის დერეფნის ორგანიზებას” მიჰყო ხელი. «რთულ ვითარებაში დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ ადამიანებს, როგორც არაერთგზის გაუკეთებიათ ჩვენს წინაპრებს!», - დაწერა მან «Facebook”-ში. თუმცა ავიძბას მოწოდებამ სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში მხოლოდ ნეგატიური კომენტარების ტალღა გამოწვია. მოსახლეობამ არათუ მხარი არ დაუჭირა ამ იდეას, არამედ პრეზიდენტის აწ უკვე ყოფილი თანაშემწე “აფხაზი ხალხის მიმართ ეროვნული საფრთხის შექმნაში” დაადანაშაულა.
«რისთვის იღწვით უფრო მეტად? - სამომავლოდ იგროვებთ პოლიტიკურ ქულებს, თუ ჩვენი კოლაფსში შეყვანა გსურთ?! დევნილების მიღებისას სახელმწიფომ მათ მომავალზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ჩვენი სახელმწიფო კი საკუთარ ნახევრად მშიერ მოქალაქეებს ვერ უზრუნველჰყოფს, არათუ სომხეთიდან დევნილებს!»; «ახალი დევნილები აქ არაფერში გვჭირდება, ისინიც გვეყოფა, ვინც აქამდე გვყავდა. ჩვენ ჩვენი ძმები უნდა დავაბრუნოთ თურქეთიდან, სირიიდან და ა.შ. რაც შეეხებათ ყარაბაღელ სომხებს, მათ მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათ აქვთ თავისი დიდი სამშობლო და კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმის, რომ აქ ჩამოვიდნენ — ეს უცილობლად გამოიწვევს კონფლიქტს», - წერდნენ იმხანად კომენტარებში აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები.
საზოგადოების მსგავსი რეაქციის შემდეგ ყარაბაღელი სომხებისთვის “დერეფნის” მოწყობის საქმის ოფიციალურ დონეზე “გაჩარხვა” 2020 წლის ბოლოს ვერ მოხერხდა. თუმცა ჩვეული – არაოფიციალური ფორმით ეს პროცესი სომეხი მფარველების “გამოისობით” გრძელდებოდა, თანაც, როგორც ჩანს, უწინდელზე მეტი ინტენსივობით.
«არ მჯერა, რომ ჩვენს სახელმწიფოში ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. სომხებით გადაივსო აფხაზეთი და ისინი უკვე ჩვენზე მეტნი არიან. თუ ამ ტემპებით გაგრძელდა, აფხაზეთი მალე სრულად სომხური გახდება და ეს არავის ადარდებს! აფხაზეთისა და აფხაზებისთვის ეს ყველაფერი ძალზე მძიმე შედეგებით დასრულდება. დავიჯერო, ამას ვერავინ აცნობიერებს?!», - ამბობს ჩვენი გაგრელი რესპონდენტი ლეონი.
და მართლაც, თუ აფხაზეთის ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს “წაყრუებას” ამ მიმართულებით, აფხაზური ეთნოსი, რომელიც უკვე ისედაც უმცირესობაშია, შესაძლოა, საბოლოოდ ჩაიკარგოს ინტერნაციონალურ მასაში, რომელშიც უმრავლესობით სომხები იქნებიან წარმოდგენილები.
ინალ არისტავა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება