Accentnews.ge
რით გაანაწყენა დვინიანინმა მოსკოვიც და სოხუმიც

რით გაანაწყენა დვინიანინმა მოსკოვიც და სოხუმიც

19/12/2021 19:16:12 კონფლიქტები

15 დეკემბერს აფხაზეთში რუსეთის “საელჩოს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ბევრისთვის მოულოდნელობად იქცა. «აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსეი დვინიანინმა თავისი მისია დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა. ელჩის მოვალეობას დროებით დიპლომატიური მისიის მრჩეველი მაქსიმ ლიტვინოვი შეასრულებს», – ნათქვამი იყო “საელჩოს” განცხადებაში.

54 წლის დვინიანინი, რომელიც მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, აფხაზეთში “ელჩად” 2018 წლის მარტში დაინიშნა და შესაბამისად, თანამდებობაზე სულ რაღაც 3,5 წელი დაჰყო, განსხვავებით მისი წინამორბედი სემიონ გრიგორიევისგან, რომელმაც სოხუმში რუსული დიპმისიის ხლმძღვანელის სავარძელში თითქმის 10 წელი გაატარა.

რა მიზეზით დაასრულა დვინიანინმა ასე სასწრაფოდ თავისი მისია აფხაზეთში – ოფიციალურ განცხადებაში დაკონკრეტებული არ იყო. მიზეზებს არც “საელჩო” ამხელს, არც რუსეთის საგარეო უწყება, არც სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება. ხოლო როცა ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, როგორც წესი, ვრცელდება არაოფიციალური. და აი, ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზად იქცა მოსკოვის უკმაყოფილება იმით, თუ როგორ იყო აფხაზეთში ორგანიზებული ბოლო რუსული არჩევნები.

კერძოდ, 19 სექტემბერს აფხაზეთში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. მეორე დღეს მედია იუწყებოდა, რომ ოკუპირებული რეგიონის მასშტაბით ხმა რუსეთის 13 000-მა მოქალაქემ მისცა, ხოლო 21 სექტემბრისთვის ეს რაოდენობა სასწაულებრივად გაიზარდა 14 549-მდე. თუმცა ესეც ძალზე მცირე რიცხვი აღმოჩნდა წინა ანალოგიური არჩევნების დროს აფხაზეთის მკვიდრთა აქტივობის მაჩვენებელთან შედარებით – და მოსკოვი აშკარად უკმაყოფილო დარჩა.

მაგრამ მიზეზი, როგორც ჩანს, მარტო ეს როდი იყო. როგორ არ ეცადა ალექსეი დვინიანინი, რა ღონეს არ მიმართა, მაგრამ ბოლო წლებში აფხაზეთში საგრძნობლად გაზრდილი ანტირუსული განწყობების ეფექტურად შემცირება მაინც ვერ მოახერხა, მით უფრო – სოხუმის მიმართ მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის ბოლოდროინდელი, უკვე დაუფარავი გამოვლინებების ფონზე. ყველასთვის, მათ შორის კრემლისთვის ცხადი გახდა, რომ ახაზეთის “ჩუმი” ინკორპორირება არ გამოვა. უპრობლემო ანექსიისთვის საზოგადოებრივი აზრის სათანადოდ მომზადების მიზანს დვინიანინმა ვერ მიაღწია, აი მოსკოვისა და საკუთარი რეპუტაცია კი აშკარად შელახა “ელჩობის” ხანმოკლე პერიოდში გამოთქმული “რჩევებით”, “სურვილებითა” და სხვა განცხადებებით, რომელთა გამოც აფხაზებმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი. მისი უტიფარი დამოძღვრები ყოველ ჯერზე ეხებოდა თემებს, რომლებთანაც რუსეთს არაფერი აქვს და აპრიორი არ უნდა ჰქონოდა არაფერი საერთო. ამდენად, “ელჩის” განცხადებები ყოველ ჯერზე “აფხაზეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად” აღიქმებოდა და ასეც ფასდებოდა.

პირველი შემაშფოთებელი სიგნალი ჯერ კიდევ აფხაზური “სახელმწიფო” ტელევიზიისთვის დვინიანინის მიერ მიცემული ინტერვიუს დროს შენიშნეს. “ელჩმა” აფხაზეთისა და რუსეთის “ჭეშმარიტი ძმობის” შესახებ დითირამბების ფონზე საკუთარი კრიტიკული აზრი დააფიქსირა სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით და იქვე აფხაზური სამართალდამცველი და სასამართლო ორგანოების საქმიანობა უკიდურესად ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინა. ამასთანავე, მან უტიფრად გააკრიტიკა აფხაზეთის ხელმძღვანელობა “პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტში წამყვან თანამდებობებზე რუსების არყოფნის”, ასევე “რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების კუთხით არსებული დიდი სირთულეებისა” და სხვა მიზეზთა გამო.

მოგვიანებით დვინიანინის სიტყვებს მხოლოდ გაკვრით გამოეხმაურა “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია. იგი მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ დანაშაულის ჩამდენს სასჯელი უკვე დაეკისრა – კმაყოფილია მისით ელჩი, თუ არა. ეს იყო და ეს! მეტი “ელჩის” უტიფრობის საპასუხოდ არც ერთი აფხაზური “სახელმწიფო” უწყებისგან არავის არაფერი გაუგია. კრინტი არ დაუძრავს, მათ შორის, არც საგარეო უწყებას.

დვინიანინმა კი, რომელმაც, როგორც ჩანს, თავი აფხაზეთში აბსოლუტურ ძალაუფლებად იგრძნო, მალევე ახალი - მთლად გამაოგნებელი განცხადებები გააკეთა. მიმდინარე წლის ივნისში, ვიდეოხიდის “მოსკოვი-სოხუმი-ცხინვალი: რუსეთის როლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოების ჩამოყალიბებაში, პარტნიორობა და ინტეგრაცია» მსვლელობისას მან კვლავ მისცა თავს აფხაზური “სახელმწიფო” ორგანოების მუშაობაში ჩარევის უფლება და ამჯერად “პარლამენტი” დამოძღვრა.

თავისი გამოსვლა დვინიანინმა დაიწყო «საინვესტიციო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში მსხვილ რუსულ ინვესტიციებს ზღუდავს». “ელჩმა” არსობრივად, განაცხადა, რომ კანონი ძალიან უშლის ხელს რუსეთს, აფხაზეთს ელექტროენერგიის დარგი წაართვას. მან მოუწოდა აფხაზ კანონმდებლებს, “ნუ შეუშინდებიან პასუხისგებლობის საკუთარ თავზე აღებას და მხარი დაუჭირონ აფხაზეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკონომიკური განვითარებისა და შესაბამისად, მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლებისთვის ამ საკვანძო გადაწყვეტილების მიღებაში”. რუსი “ელჩის” თქმით, შესაბამისი წინადადებები აფხაზურ მხარეს “საკმარისად დიდი ხანია, გადაეცა” და ახლა მხოლოდ მცირედიღაა დარჩენილი – “პარლამენტის” გადაწყვეტილება: აქაოდა, თუ “დეპუტატები” გონივრულად იმოქმედებენ, აფხაზეთისკენ რუსული ინვესტიციების დიდი ნაკადი წამოვა და ყველა და ყველაფერი ერთბაშად აყვავდებაო. იმავე ჭრილში დააფიქსირა დვინიანინმა აზრი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებთან მიმართებაშიც.

მაშინ მან პირველმა რუსეთის ოფიციალურ პირთაგან ღიად გააჟღერა ის, რასაც მოსკოვი მანამდე საგულდაგულოდ ნიღბავდა: აფხაზეთი მისი მწირი, თუმცა ძალზე პერსპექტიული რესურსებით ყოველთვის ნუგბარს წარმოადგენდა რუსებისთვის და ახლა მათ, როგორც იქნა, მისი საბოლოოდ დასაკუთრების შესაძლებლობა მიეცათ. დიახ, რუსმა დიპლომატმა მაშინ კარტი გახსნა, მაგრამ რა მიიღო პასუხად? - არც არაფერი! დვინიანინის სიტყვებს, რომლებიც, არსობრივად. კრემლის დირექტივებს წარმოადგენდა, კვლავ არც “პარლამენტი” გამოჰხმაურებია, არც “მინისტრთა კაბინეტი”. და სოხუმის ამ მდუმარე პასუხმა მაშინ აფხაზეთში ბევრი გააოგნა.

«ამ ელჩმა რა, ელემენტარული წესებიც კი არ იცის? ეს არა მარტო უპატივცემულობაა და არაკორექტული, არამედ დიპლომატიის ყველა ჩარჩოს არღვევს. მსგავსი უტიფრობის დაშვებისთანავე ნორმალურ სახელმწიფოში ელჩს გამოიძახებდნენ და საკადრის ადგილს მიუჩენდნენ, ჩვენ კი რატომღაც ვდუმვართ! დავიჯერო, უკვე იმდენად დაგვიმონეს რუსებმა, რომ ვიღაც ელჩი თავს ჩვენთან მსგავსი ტონით საუბრის უფლებას აძლევს?!», - აღშფოთებული იყო მაშინ ჩვენი რესპონდენტი რადა. «აფხაზეთში სრული განუკითხაობა რომაა, ეს ჩვენი პრობლემაა და შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს, მით უფრო – რუსეთის ელჩს! თურმე, ჩვენზე წუხს, საწყალი, - ამიტომაც ცდილობს ალბათ, დაგვიყოლიოს იმაზე, რომ რუსებს პირობით რუბლად ყველაზე ძვირფასი გადავცეთ, რაც კი აფხაზეთს გააჩნია! რუსების უტიფრობა უკვე ყველა ზღვარს გასცდა და ეს უნდა შევაჩეროთ. თუმცა ვშიშობ, ელჩს არაფერი ემუქრება, რადგან ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას თავს აარიდებს», - ვარაუდობდა ჩვენი მეორე რესპონენტი - რევაზი. «აფხაზეთს არცთუ ბევრი რესურსი დარჩა, რომელიც რუსეთისგან დამოუკიდებლობას გვინარჩუნებს. ენერგოსფერო ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია და როგორც ჩანს, ჩვენმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უკვე ისიც ჩააბარა რუსებს. პარლამენტი ჯერ პოზიციას ინარჩუნებს და მხოლოდ მის იმედზე ვართ. თუმცა ვშიშობ, მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება და უახლოეს მომავალში ჩვენ კიდევ უფრო დავსუსტდებით, რუსეთი კი მორიგ ბერკეტს მიიღებს ჩვენზე ზეწოლის განსახორციელებლად. რიგში რა გვაქვს – აფხაზური მიწა?!», - აღშფოთებული იყო ჩვენი მესამე რესპონდენტი მაქსიმი.

მომდევნო თვეებში აფხაზურ საზოგადოებაში, ისევე, როგორც პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა შეშფოთებები იმასთან დაკავშირებით, რომ “კანონმდებლობების ჰარმონიზაციის” საფარქვეშ რუსების მიერ აფხაზეთის მცოცავი შთანთქმა მთელს აფხაზ ხალხს გლობალურ კატასროფას უქადდა, ეროვნული იდენტობის შემდგომი დაკარგვის ჩათვლით. პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი ბოლო დრომდე კვლავინდებურად დუმდა და ამით კიდევ უფრო ამძაფრებდა საზოგადოებაში გაოგნებასა და არასასიამოვნო ეჭვებს.

მაგრამ ცოტა ხნის წინ კარტი თავად “პრეზიდენტმა” ბჟანიამ გახსნა, განაცხადა რა, რომ აფხაზეთს “მოუწევს, სუვერენიტეტი რუსეთს გაუნაწილოს”. აი, ახლა უკვე რუსეთის წარმომადგენლების უტიფარ განცხადებებსა და აფხაზეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობებზე აფხაზური უწყებებისა და ხელმძღვანელობის მდუმარე პასუხების მიზეზები გასაგები გახდა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

მაგრამ ომგამოვლილ, საუკეთესო შვილებდაკარგულ აფხაზეთში “სტრატეგიული მოკავშირისა” და საკუთარი გაყიდული პოლიტიკოსების ამწუთიერი ინტერესების სასარგებლოდ სამშობლოზე უარის სათქმელად ყველა როდია მზად. და ვინც არ უნდა მიავლინოს დვინიანინის ნაცვლად სოხუმში კრემლმა, აფხაზურ საზოგადოებაში ამ განწყობების უბრძოლველად შეცვლა ძალზე რთული იქნება.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S