
ღარიბაშვილი: "დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს"
20/12/2021 11:10:04 კავკასია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა წვლილი შეიტანოს იმაში, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილური გარემო იყოს. ამის შესახებ მან სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი... ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, უნდა, რომ სომხეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კავშირი საქმეში აისახოს:
"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ. განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონალურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
თავის მხრივ ფაშინიანმაც აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წარმატებები დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში:
"მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს. ეს ეხება არა მხოლოდ ჩემსა და ბატონ ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობა. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმავოთ".
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ბოლოს 2021 წლის სექტემბერში იმყოფებოდა.