
გერლიანის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო
20/12/2021 13:16:43 სამართალი
ეკონომისტ რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შსს საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს რამაზ გერლიანის ოფისსა და მანქანაში, რომელსაც ავჭალის პოლიციის შენობასთან მიაკვლიეს. სწორედ აქედან იკარგება ეკონომისტის კვალი.
საყურადღებოა, რომ "ფეისბუქ–პოსტი", რომელიც რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე – 19 დეკემბერს გამოაქვეყნა და რომელშიც პოლიციელს ტერორში ადანაშაულებდა, აღარ იძებნება.
"გაფარჩაკებული, პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი.. ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა. ამ ნაგავმა "პოლიციელმა" ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავარბოვკებითა და გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა...
14 ნოემბერს შეიარარებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცყოფა... განადგურებული ვარ!", - წერდა 19 დეკემბერს გერლიანი.
გერლიანის თქმით, სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრების დაშინება სცადეს. ასევე, მან გამოაქვეყნა ინფორმაციას შსს-ს თანამშრომლის შესახებ, რომელიც მისივე მტკიცებით, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა ინფორმაციას მის შესახებ, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ "პოსტი" გერლიანს არ წაუშლია.