ლავროვმა აფხაზ და ოს "კოლეგებთან" 3+3 ფორმატზეც იმსჯელა

20-12-2021 18:49:13 კონფლიქტები

რუსეთის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან - ინალ არძინბასა და დიმიტრი მედოევთან სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონული თანამშრომლობის 3+3 ფორმატზეც იმსჯელა, - იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მისივე ცნობით, სამმხრივ შეხვედრაზე ლავროვმა "დაადასტურა რუსული მხარის მზადყოფნა, კვლავაც განაგრძოს ახალგაზრდა ამიერკავკასიური რესპუბლიკების ყოველმხრივი მხარდაჭერა როგორც მათი სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების, ისე უსაფრთხოების გამყარების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით".

«აზრთა გაცვლის პროცესში მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს რუსეთსა და ამ ორ რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარების კარგი დინამიკა, განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების აქტუალური ასპექტები, ასევე ევროპის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. სერგეი ლავროვმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ძალისხმევის თაობაზე, რომელიც რეგიონში ვითარების გაჯანსაღებაზეა მიმართული, მათ შორის - რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, ასევე მიმდინარე წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის შეთანხმებების რეალიზებისა და რეგიონული პლატფორმა 3+3-ის ამოქმედების კონტექსტში. მხარეებმა გამოხატეს ერთობლივი განწყობა, მოახდინონ საგარეო პოლიტიკის კოორდინირების გაღრმავება უცხოეთის სახელმწიფოებთან სოხუმისა და ცხინვალის კავშირების გაფართოებაზე აქცენტირებით" - იუწყება ოფიციალური მოსკოვი.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, "მინისტრებმა ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობა განიხილეს და ამ ფორმატის უალტერნატივობა აღნიშნეს».

ახალი ამბები

სხვა სიახლეები