დიპლომატი: "რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას"

21-12-2021 15:25:41 პოლიტიკა ,თავდაცვა

"რუსეთი საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, ანდა პასუხი შესაბამისი იქნება" - განაცხადა ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე გავრილოვმა «Соловьев Live»-ის ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, "ვაშინგტონის პირველი რეაქციის მიუხედავად, მხარეები შესაძლოა, შეთანხმებამდე მივიდნენ".

«ვფიქრობ, ეს იყო პირველადი რეაქცია ამ მოულოდნელ პროექტებზე. დარწმუნებული ვარ, ნატო-შიც და ვაშინგტონშიც მშვენივრად ესმით, რაზეა საუბარი და მშვენივრად აცნობიერებენ, რომ დასავლეთის მოქმედება, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებას ეხება, დაუსჯელი აღარ დარჩება. მელა საქათმეში თავს აღარ შეყოფს, რადგან უკვე გაიზარდა ვეებერთელა ნაგაზი" - აღნიშნა გავრილოვმა.

გასულ კვირას რუსეთის ხელისუფლებამ "უსაფრთხოების გარანტიების" კუთხით ნატო-სა და აშშ-სთან შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტები გამოაქვეყნა. მოსკოვი, კერძოდ, აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი არგაფართოებისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის სრული გამორიცხვის გარანტიებს მოითხოვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები