Accentnews.ge
აფხაზური ოპოზიციისა და დე ფაქტო პრეზიდენტის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

აფხაზური ოპოზიციისა და დე ფაქტო პრეზიდენტის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

21/12/2021 16:26:22 კონფლიქტები

აფხაზური ოპოზიციისა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოლაპარაკებები, რომლებშიც დე ფაქტო პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი, "პრეზიდენტის ადმინისტრაციისა" და "სახელმწიფო დაცვის სამსახურის" ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ, უშედეგოდ დასრულდა.

ოპოზიციონერთა განცხადებით, ასლან ბჟანიამ მომიტინგეებთან გასვლა არ ისურვა და ოპოზიციას სადავო საკითხების "საკმაოდ გაურკვეველი ფორმატის მოლაპარაკებებზე" განხილვა შესთავაზა.

ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა უარი განაცხადა, ესაუბროს ერთ-ერთ ოპოზიცინერ ლიდერ კან ქვარჩიას, რომელიც ამავდროულად დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის ვაჟი გახლავთ, რის შემდეგაც ქვარჩიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, "პარლამენისკენ" დაძრულიყვნენ.

მოგვიანებით, აფხაზური საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან გადანაცვლებულმა მომიტინგეებმა სამართალდამცველთა კორდონის გარღვევა უშედეგოდ სცადეს. სოცქსელებში გავრცელდა ამ მომენტის ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომლებშიც სროლის მსგავსი ხმა ისმის. თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ადგილზე იარაღი არავის გამოუყენებია - ეს იყო შაშხანების ხმა, რომელიც მოსახლეობამ სროლად აღიქვა.

დე ფაქტო ხელისუფლება 21 დეკემბრისთვის დაანონსებული მიტინგისთვის საფუძვლიანად ემზადებოდა: სამთავრობო შენობების კომპლექსი რამდენიმე დღით ადრე მთელს პერიმეტრზე რკინის ჯებირების რამდენიმე მწკრივში მოაქციეს, მისასვლელი გზები კი ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ჩახერგეს.

მიტინგი იმართება დე ფაქტო ხელისუფლებისადმი მოთხოვნით "ბოდიში მოიხადე და წადი!".

იხილეთ ასევე: აფხაზეთი - დიდი ქაოსის ზღვარზე: "გვიჯობს, ქართველებს მოველაპარაკოთ, ვიდრე უკვალოდ ჩავიკარგოთ რუსებში»

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S