
კრიზისის ფონზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი "პარლამენტის" სპიკერს ხვდება
21/12/2021 18:09:55 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი დაძაბულობის ფონზე დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამ წუთებში "პარლამენტის" სპიკერ ვალერი ქვარჩიას ხვდება.
მანამდე მან უარი განაცხადა, შეჰხვედროდა დე ფაქტო სპიკერის ვაჟს - ოპოზიციონერ კან ქვარჩიას, რომელიც ოპოზიციის დღევანდელი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.
ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომლებიც დღეს სოხუმის ცენტრში, დრამატული თეატრის შენობის წინ დე ფაქტო ხელისუფლებისადმი მოთხოვნით "ბოდიში მოიხადე და წადი!" შეიკრიბნენ, მოგვიანებით - მას შემდეგ, რაც მათი ლიდერების "პრეზიდენტთან" შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, საკანონმდელო ორგანოსთან გადაინაცვლეს. მათი ნაწილი კორდონის გარღვევას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
იხილეთ ასევე: აფხაზეთი - დიდი ქაოსის ზღვარზე: "გვიჯობს, ქართველებს მოველაპარაკოთ, ვიდრე უკვალოდ ჩავიკარგოთ რუსებში»
ტელეგრამ-არხების ცნობით, ანალოგიურ მცდელობებში, რომლებიც ამ წუთებშიც გრძელდება, მომიტინგეთა მხოლოდ მცირე ნაწილი - 100-150 ადამიანი მონაწილეობს და სხვადასხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ჯერ-ჯერობით ადგილზე ვითარებას ადვილად მართავენ.
მხარდამჭერთა დამშვიდებას თავად ოპოზიციონერი ლიდერებიც ცდილობენ. ერთ-ერთი მათგანი - ადგურ არძინბა ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში შევიდა დე ფაქტო პრეზიენტთან შესახვედრად. მანამდე მან მხარდამჭერებს სთხოვა, ამ შეხვედრის შედეგებს დაელოდონ, რათა შემდგომ ერთად დასახონ სამოქმედო გეგმა.