
გარდაბანში მკვლელობის მცდელობისთვის სამი პირი დააკავეს
22/12/2021 06:49:58 სამართალი
პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
დაკავებულთაგან ორს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა -შენახვა-ტარებასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო მესამეს – დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებს, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ნაცნობთან 1984 წელს დაბადებულ რ.ზ.-სთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფ.ა.-მ, რომელიც ქ.ო.-სთან და ე.ა.-სთან ერთად ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში იმყოფებოდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რ.ზ.-ს ავტომობილის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი რ.ზ. სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებულია.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა-ტარებისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად, ისეთი საშუალებით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, სსკ-ის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.