
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიევს სამმხრივ ფორმატზე ესაუბრა
22/12/2021 07:00:05 კავკასია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
მან მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის და ამ კონტექსტით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებს. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს წარმატებული უწოდა.