
სოფელ აძვის მიმდებარედ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
23/12/2021 11:17:52 კონფლიქტები
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი”.
სუს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, – აცხადებენ სუს–ში.