
ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
24/12/2021 11:37:00 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში ორსული მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე ბრალდების მხარე სწორედ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხეები. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა.
სხდომაზე თავის პოზიცია დააფიქსირა თავად ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა:
„როგორც კი გავაანალიზე რაც გავაკეთე, ეგრევე დავრეკე პოლიციაში და მოვიყვანე პოლიცია ჩემთან".
საქმის წინასასამართლო სხდომა 14 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
გამოძიების ინფორმაციით, 22 დეკემბერს თბილისში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.