Accentnews.ge
ბიბილოვი: "ჩვენთან ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში"

ბიბილოვი: "ჩვენთან ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში"

27/12/2021 06:27:01 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ირწმუნება, რომ ოკუპირებულ რეგიონში "უფრო მაღალი ცხოვრების დონეა", ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ამის შესახებ მან ოკუპირებულ ახალგორში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ოსური მედიის ცნობით, ბიბილოვმა შეხვედრაზე მყოფ ახალგორელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა და შეხვედრის კითხვა-პასუხის ფორმატით ჩატარება შესთავაზა, თუმცა პირველი შეკითხვის დასმამდე თავად ისაუბრა საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის საკითხზე.

ბიბილოვმა ისევ გაიმეორა, რომ „საზღვარი“ დაკეტილია სოფელ წნელისთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო:

„ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ პოლიტიკა შეცვალოს და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები“.

ანატოლი ბიბილოვმა შეხვედრაზე მყოფ ახალგორელებს ისიც უთხრა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მათ ნათესავებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საცხოვრებლად სიხარულით მიიღებენ".

ძირითადად რუსეთიდან მიღებული ფულით მცხოვრები ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ირწმუნება, რომ "მათთან ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში და უმუშევრად არავინ დარჩება".

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მსურველ ერთ-ერთ ახალგორელს ბიბილოვმა ასე მიმართა:

"არის შემთხვევები, როცა რაიონის მცხოვრებნი საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ უკან დასაბრუნებლად საზღვარს უკანონოდ კვეთენ ოსური პენსიის მისაღებად, ამის შემდეგ კი, მძიმე დაავადების და მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მკურნალობის აუცილებლობის საბაბით ისევ იქ დაბრუნებას ცდილობენ".

ბიბილოვმა ახალგორელებს ურჩია, თუ ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ადგილობრივ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მიმართონ და სამედიცინო დახმარებას ოკუპირებულ რეგიონში გაუწევენ, ან რუსეთში გაგზავნიან.

საოკუპაციო რეჟიმს ოკუპირებულ ახალგორთან დე ფაქტო საზღვარი 2019 წლის სექტემბრიდან აქვს დაკეტილი. დანარჩენ საქართველოსთან კავშირის შეწყვეტამ ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ადგილზე დარჩენილ ქართველებს სამედიცინო და სხვა საჭიროებებზე წვდომის გარდა, შეზღუდული აქვთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მყოფ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან კონტაქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S