
ჩავუშოღლუ: თურქეთ-სომხეთის ემისრების პირველი შეხვედრა სავარაუდოდ, მოსკოვში გაიმართება
27/12/2021 12:02:18 კავკასია
თურქეთისა და სომხეთის ემისრების პირველი შეხვედრა სავარაუდოდ, მოსკოვში ჩატარდება. ამის შესახებ, ТАСС-ის ინფორმაციით, თურქეთის მთავარმა დიპლომატმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
«თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება, რადგან ჩვენი შთაბეჭდილებით, სომხეთს შესაბამისი სურვილი გააჩნია», – განუმარტა მან ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმით, თურქეთს უახლოეს ხანებში - სტამბოლსა და ერევანს შორის ავიარეისების დაშვების, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შემთხვევაში ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის გახსნის იმედიც აქვს.
თავის მხრივ, სომხეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ვაან უნანიანმა განაცხადა, რომ სადღეისოდ მოლაპარაკებების თარიღი დაზუსტებული არ არის, ხოლო პირველი შეხვედრის მოსკოვში გამართვის შესაძლებლობა განხილვის ეტაპზეა.