
გოგი წულაიას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს
27/12/2021 14:43:44 სამართალი
პოლიტიკოს გოგი წულაიას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. საქმე ეხება ასმათ დვალიშვილთან შესაძლო კომუნიკაციას, რომლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებაც აქვს პოლიტიკოსს წაყენებული.
წულაია ამბობს, რომ მას დვალიშვილისთვის "ფეისბუკზე" მეგობრობის თხოვნა არ გაუგზავნია და შემაკავებელი ორდერის გამოწერა მის მიმართ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.
გადაწყვეტილება ადვოკატმა სასამართლოში გაასაჩივრა. სხდომა 30 დეკემბერს არის ჩანიშნული.
როგორც ადვოკატი განმარტავს, თუ ორდერის კანონიერება დამტკიცდება, პრევენციული ღონისძიებები გატარდება.
პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა. თავად პოლიტიკოსი მის დაკავებას პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირებდა.
დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 მარტს გოგი წულაიამ ამ სიტყვებით მიმართა მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილს, ბიძინა ივანიშილის შვილს, ბერა ივანიშვილს: "გაგინებ, მოდი და გამისწორდი".
წულაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 3,5 თვის გასვლის შემდეგ 6000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა.