ღარიბაშვილი– ლონდა თოლორაიაზე: „ვთავაზობ სამსახურს მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში“
27/12/2021 20:27:22 პოლიტიკა
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ლონდა თოლორაიას სთავაზობს სამსახურს მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, თუ მას არ ექნება სურვილი, მონაწილეობა მიიღოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის კონკურსში.
"შემიძლია, საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო ქალბატონ ლონდას მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში. ვიცი, რომ არის ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური კადრი. მანამდე, თუ არ ვცდები, მუშაობდა პროკურატურაში, შემდეგ პოლიციაში. თუ მას აღარ მოუნდება ერთი ან მეორე სამსახურის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, ყველა კარი აქვს ღია. მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. ყველაფერი პიროვნული უნდა გამოირიცხოს, მთავრობას, პარლამენტს გვაქვს ჩვენი ხედვა და ამ ხედვას მივყვებით". - თქვა მან „ტვ იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით უკანონოს არაფერს აკეთებს:
"რამეს უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის - არა. თუ ჩვენი კანონმდებლობა, რეგლამენტი პარლამენტის, ცხოვრების, მუშაობის, ითვალისწინებს კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას, მაშინ რატომ არა.
თუ მეორე მხარის არგუმენტი იქნება, რატომ არ მოხდა ამ კანონპროექტის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით - ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში. ესა თუ ის რეფორმა ემსახურება გაძლიერებას, გაჯანსაღებას სამსახურის.
დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა 2 სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, რომ მათ კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდეთ. ეს ყველაფერი კარგია".
იხილეთ ასევე: ანგარიშსწორება თუ რეფორმა: საქართველოში „განგაშის ზარს“ შემოკრეს


