ანგარიშსწორება თუ რეფორმა: საქართველოში „განგაშის ზარს“ შემოკრეს

27-12-2021 16:55:00 ეს საინტერესოა

ხელისუფლებამ საახალწლოდ მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა: უწყება, რომლის შექმნასაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები წლების განმავლობაში მოითხოვდნენ, რათა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სისტემის გარეთ დამოუკიდებელი გამოძიების მექანიზმი შექმნილიყო, დღეს გაუქმების საფრთხის წინაშეა. სწორედ ამგვარად აღიქვამენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ხსენებულის სამსახურის ბაზაზე ორი უწყების შექმნას ითვალისწინებს.

„ნაცვლად იმისა, პარლამენტს სამსახურის გაძლიერებისთვის შეეწყო ხელი, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმების ძალიან საშიში პროცესი“,– ამბობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია.

მას მმართველი გუნდის რეალურ მოტივებთან დაკავშირებით ეჭვებს უღრმავებს მათ შორის პროქტის დაინიცირების თარიღი:

„კანონპროექტის დაინიცირების დრო რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად“.

სადავო არგუმენტები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელისთვის მმართველი გუნდის არგუმენტები, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ერთად თანაარსებობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტს და რომ ამ ნაბიჯით სრულდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჯერ კიდევ 2018 წელს გაცემული რეკომენდაცია, არადამაჯერებელია რამდენიმე გარემოების გამო. თოლორაია კერძოდ, ამბობს:

  • კანონპროექტი, რომელიც რეალურად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, სრულიად კონსპირაციულად შეიქმნა: პროცესში მონაწილეობა არ მიუღია არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს, არც ერთი დარგის ექსპერტს;
  • ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ წარუდგინა პროექტი, თუმცა ის ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმშია;
  • 2021 წელს პარლამენტს წარედგინა სამსახურის საქმიანობის დეტალური და კრიტიკული ანგარიში, რომელიც პარლამენტმა ისტორიაში პირველად, არ განიხილა და არ მოისმინა;
  • პარლამენტს 24 დეკემბერს წარედგინა საკანონმდებლო წინადადება სამსახურის გაძლიერების მიზნით, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს პენიტენციურ დაწესებულებაში დაუბრკოლებლად შესვლას, რათა ვერ მოესწროს მტკიცებულებების განადგურება და ძალოვანი უწყებებიდან შეტყობინების დაუყოვნებლივ მიღებას, თუმცა პარლამენტს ინტერესი არ გამოუხატავს;
  • ინტერესთა შეუთავსებლობის პრობლემა პარლამენტმა ვერ დაინახა 2018 წელს, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვეშ გააერთიანა ორი ფუნქცია და მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტი წონიანად არ ჩაითვალა, თუმცა რეკომენდაცია აქტუალური გახდა დღეს, როდესაც უწყება დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა;
  • პროექტის ინიცირებამდე პარლამენტს არ დაუსვამს არც ერთი კითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის – როგორ თანაარსებობდა ეს ორი ფუნქცია ერთი სამსახურის ქვეშ? იყო თუ არა რაიმე გამოწვევა?
  • პროექტი არის არსებული კანონის სრული ასლი – არაფერი წერია სამსახურის გაძლიერებაზე, არ არის გათვალისწინებული არც ერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის რეკომენდაცია, არაფერი წერია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიში მითითებულ გამოწვევებზე, როგორც დამაბრკოლებელ გარემოებებზე სამოხელეო დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისათვის;
  • უწყების ქვემდებარეობას ემატება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლი, რომლებიც სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში პრაქტიკაში თითქმის არ გვხვდება. ამასთან, ეს მუხლები არ ვრცელდება პროკურატურის მუშაკებზე, ვრცელდება მხოლოდ სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, რომელთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები ისედაც იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე;
  • ახალი კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ ლიკვიდაცია – უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა, რომელზეც ლონდა თოლორაია 2025 წლამდე იყო არჩეული და სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2022 წლის 1 მარტიდან რჩება სამსახურის გარეშე, მეტიც, ეზღუდებათ სამართლებრივი დავის შესაძლებლობაც.

„ნაცვლად იმისა, რომ სფეროს კვალიფიციური სპეციალისტები გადანაწილდნენ სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე შექმნილ ორ სხვადასხვა უწყებაში, როგორც ეს მოხდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს და განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის შემთხვევაში, პარლამენტმა ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება გადაწყვიტა. ანუ მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ ყველა თანამშრომელი, რომლებიც გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, ყოველგვარი ნეპოტიზმის გარეშე დაინიშნენ პოზიციებზე. ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის! ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის ეს არის სიგნალი, რომ ისინი უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად! ეს არის "მესიჯი" ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის შესაძლებელია, ისინი ძალიან მარტივად დარჩნენ სამსახურის გარეშე“.

„დასჯა დამოუკიდებლობისთვის“

ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით, ლონდა თოლორაია მიდის დასკვნამდე, რომ მმართველი გუნდის რეალური მოტივი არის არა რეორგანიზაცია, არამედ ინსპექტორის სამსახურის „დასჯა დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, საჯარო უწყებების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებისთვის, პროკურატურაში გაგზავნილი წინადადებებისთვის". ამ კონტექსტში თოლორაიამ ახსენა ხუთი სისხლის სამართლის საქმე, რომლებშიც შს სამინისტროს თანამშრომლები ფიგურირებენ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ არც ერთ შემთხვევაში პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია.

„უკმაყოფილება იქცა კანონპროექტად“,– ფიქრობს თოლორაია.

ისნპექტორის სამსახურის ხმაურიანი გადასწვეტილებები

ერთ–ერთი პირველი საქმე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის ტესტად აღიქვამდნენ, გახლდათ ლუკა სირაძის საქმე, როდესაც 15 წლის მოზარდმა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაშინ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი მოზარდის მიმართ ჩვენების იძულებისთვის წაუყენეს.

ასევე მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმის კონტექსტშიც: მას შემდეგ, რაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისას სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, რამაც საზოგადოებრივი მღელვარება განაპირობა, შსს–მ იმავე დღეს გაავრცელა ვიდეოკადრები მაღალი ალბათობით, საზოგადოებრივი აზრის შექმნის მიზნით, რომ გარდაცვალებას ძალადობრივ მოვლენებთან კავშირი არ ჰქონდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას „არ ჰქონდა კანონიერი მიზანი“ და უწყება ამ დარღვევის გამო დააჯარიმა.

ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ძიების პროცესშია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის საქმე, რომელსაც სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას.

ამასთან, უწყებამ არაერთი კრიტიკული განცხადება გაავრცელა იუსტიციის სამინისტროს მიერ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოკადრების გასაჯაროების გამო და საბოლოოდ, სამინისტრო დააჯარიმა კიდეც.

„უკან წაიღეთ ინიციატივა!“

თოლორაიას შეშფოთებას იზიარებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „უკან წაიღოს ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა“. ხოლო არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ შიშები, რომელთაც ისინი 2018 წელს გამოთქვამდნენ, როგორც ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესწავლამ აჩვენა, არ გამართლდა და რომ სადღეისოდ დღის წესრიგში ის პრობლემები დგას, რაზეც თავად სამსახური მიუთითებს და არა „ხრიკები“, რომლის გამოყენებასაც სახელისუფლებო გუნდი ცდილობს.

მათი ხედვით, არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის, სასამართლოს სრული მიკერძოების რეჟიმში გადაწყვეტილება, რომელიც დახურულ კარს მიღმა იქნა მიღებული, არ ტოვებს არავითარ ეჭვს, რომ ეს არ არის მიზანმიმართული თავდასხმა დამოუკიდებელ ორგანოზე, რომელმაც ბოლო წლების გამავლობაში საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება შეძლო და გაუძლო სამართლებრივ ტესტებს.

„მთელი რიგი სენსიტიური საქმეებისა, სადაც ინსპექტორის სამსახურის დიდი როლი იკვეთება, მიგვანიშნეს, რომ ხელისუფლებას მიზანმიმართულად სურს, გაანადგუროს ინსტიტუტი, დაუქვემდებაროს კონტროლს“,– ამბობს „ღია საზოგადოების ფონდის“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი სოფო ასათიანი.

უშუალოდ ის გარემოება, რომ ცვლილებების შემდეგ სამსახურის უკლებრივ ყველა თანამშრომელი დატოვებს თავიანთ პოზიციებს, არასამთავრობოებს საქმის პოლიტიკურ ხასიათზე – სამსახურის მიმართ ანგარიშსწორებაზე მიანიშნებთ.

არასამთავრობოები შიშობენ, რომ ხელისუფლების (რომელიც ისედაც პრობლემურ ურთიერთობებში იმყოფება დასავლელ პარტნიორებთან) მსგავსი გადაწყვეტილებები შექმნის საფუძველს, საფრთხე შეექმნას ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ მიღებულ სიკეთეებს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციას და ამ რისკების გამორიცხვა მხოლოდ მმართველი გუნდის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

ცნობილია, რომ ინსპექტორის სამსახურში შეხვედრები გამართა საქართველოში აშშ–ის ელჩმა, რაც ღია მხარდაჭერად შეიძლება, განვიხილოთ. განგაშის ფონზე არის მძრაფრი რეაქციების მოლოდინიც, თუმცა რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება ამჯერად, ამ ეტაპზე პროგნოზირება რთულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები