
ბრიტანეთის საელჩო – ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: "კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პროცესები მიუკერძოებლად წარიმართოს"
22/08/2019 07:13:38 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
ამის შესახებ "აქცენტს" ბრიტანეთის საელჩოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის კომენტირებისას განუცხადეს.
"როგორც ადრეც განვაცხადეთ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ შეძლოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად“ - განუცხადეს "აქცენტს" საელჩოში.
ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით,ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა.
2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში, რომელიც 2019 წლის 25 ივლისს დატოვეს. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).
4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა.
9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.
26 ივლისს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 700 000 -700 000 –ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე, აუკრძალა ქვეყნის დატოვება გამომძიებლის თანხმობის გარეშე.
20 აგვისტოს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.
„პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ 20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021