"თუ პრეზიდენტი „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უნდა დავძლიოთ"
28/12/2021 08:05:09 პოლიტიკა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, თუ პრეზიდენტი „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უმრავლესობამ ის უნდა დაძლიოს.
ვოლსკის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია:
„პრეზიდენტი „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, მგონია, რომ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ვეტო დავძლიოთ, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკურად და სამართლებრივად ჩამოყალიბებულია იმ ინტერესებზე, რაც სახელმწიფოს აქვს. ერთმანეთთან შეუსაბამო ორი ფუნქცია არ უნდა ეჯახებოდეს ერთ სტრუქტურაში, რომელიც თავის დროზე გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე ადამიანმა თავისი სუბიექტური შეხედულებებით ჩამოაყალიბა. ის კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობა გვთავაზობს, სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია. პრემიერ-მინისტრმა გუშინ განცხადება გააკეთა და ამ განცხადების ფონზე გაუგებარია ასეთი გააფთრებული შეტევა, ასეთი განცხადებების გაკეთება, ასეთი ხისტი გამოსვლები მაშინ, როცა ლონდა თოლორაია ჩვენი კადრია, ეს სტრუქტურა ჩვენ შევქმენით“.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების კონსულტაციების გარეშე ინიცირება".
იხილეთ ასევე: ანგარიშსწორება თუ რეფორმა: საქართველოში „განგაშის ზარს“ შემოკრეს


