ლონდა თოლორაიამ კომიტეტების სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
28/12/2021 11:12:00 პოლიტიკა
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.
დარბაზის დატოვებამდე მან კანონპროექტის ინიციატორებს მიმართა:
"დაგტოვებთ თქვენი ნებართვით, ვერც ერთ კითხვაზე საგნობრივი პასუხი ვერ მივიღე".
მანამდე, ლონდა თოლორაიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კონკრეტული კითხვებით მიმართა.
მან თქვა, რომ თუ სამსახურის გაყოფით გაძლიერდება საგამოძიებო მიმართულება, რატომ არაა გათვალისწინებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები.
"მაინტერესებს, თუ ეს მუხლი ქმედითია და ქმედითად ვამატებთ, რატომ ვერ გავუბედეთ გენერალურ პროკურატურას, რომ პროკურორებიც მოგეცვათ და პროკურორების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოეძიებინა სამსახურს. მაშინ, როცა გაუბედეთ სახელმწიფო ინსპექტორს ის, რომ 288 გვერდი კანონპროექტი ისე დაწერეთ, რომ ერთი შეკითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ დაგისვამთ. ლონდა, ან ასე ვაკეთებთ, კარგად ვაკეთებთ, ცუდად ვაკეთებთ. იქნებ ტაშს ვუკრავდით ამ კანონპროექტს? რატომ ჩაითვალა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისე უმნიშვნელოდ, რომ არც ერთი შეკითხვა არ დაგისვამთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა თოლორაიამ სხდომაზე.
სახელმწიფო ინსპექტორმა მისი უწყების გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის წევრების სახელმწიფო უწყებების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
"15 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და არ მახსენდება ისეთი პრეცედენტი, რომ გატარებულიყო რეფორმა იმ უწყების გარეშე, რომელსაც ეს ეხებოდა. მე მაინტერესებს, ამხელა რეფორმაში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი და რატომ ვიგებთ წინასაახალწლოდ ამ ყველაფერს. ეს პროცესი კანონიერებას და უწყებების მიმართ პატივისცემას არის მოწყვეტილი", - მიმართა თოლორაიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
მან გაიხსენა, რომ პარლამენტს აცნობა, რომ შეიმუშავა უწყების ინსტიტუციური გაძლიერების საკანონმდებლო წინადადება, რაზეც საკანონმდებლო უწყებიდან აცნობეს, რომ "დატვირთულები იყვნენ".
"თურმე ამის პარალელურად იწერება ეს კანონპროექტი, რომელიც არათუ გაძლიერებაზეა, არამედ მთელ უწყებას აუქმებს. ეს დამოკიდებულება პირადად მე ან სახელმწიფო ინპსექტორმა რითი დავიმსახურეთ, რომ ამხელა ფარსში მონაწილეობა მიგვაღებინეთ?! მე თურმე აგერ წინადადებაზე ვწერ გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხოდ წერთ გაუქმებაზე - მინიმუმ, იმის გამბედაობა უნდა ჰყოფნოდა ვინმეს, რომ ეთქვა: ლონდა, აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, თავს ნუ აკლავო და სამშობიაროდან არ უნდა მეწერა მინიმუმ. [...] მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამ პროცესში მონაწილეობას. ამისთვის ცალკე ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა, რომ ინსპექტორს არ მიეცა ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. ყველა ამ კანონპროექტის ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ამავე თემაზე: ანგარიშსწორება თუ რეფორმა: საქართველოში „განგაშის ზარს“ შემოკრეს.


