"NATO-ში გაწევრიანებაში ჩვენი #1 მოკავშირე თურქეთი უნდა იყოს, კომპლექსები რომ არ გვქონდეს"

28-12-2021 17:38:38 ანალიზი

ვიდრე ახალი რეგიონული ფორმატის – 3+2–ის მონაწილეები მორიგი შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ წელს უკვე ანკარაში გაიმართება, საქართველოში კვლავ თანმდევ რისკებზე საუბრობენ: პროცესზე დამკვირვებლების ხედვით, უკანასკნელ პერიოდში, მათ შორის, კრემლის მიერ დასავლეთისთვის წაყენებული ულტიმატუმების ფონზე, მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ხსენებული პლატფორმა მოსკოვის მთავარი იარაღია, მიაღწიოს სტრატეგიულ მიზანს – რეგიონიდან განდევნოს დასავლური ინტერესი, ხოლო ვაკუუმი საკუთარით შეავსოს. ამდენად, ელიან, რომ საქართველოზე, რომელიც უარს აცხადებს ფორმატში ჩართულობაზე, ზეწოლა გაიზრდება. ამ კონტექსტში კრიტიკოსთა ყურადღება მიიქცია საკითხის აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებების დღის წესრიგში აღმოჩენამ, რომელიც იდეაში სავაჭრო–ეკონომიკურ თემებზეა ორიენტირებული. მართალია, საქართველოს საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ მოგვიანებით განმარტა, „საკითხი თავად რუსული მხარის მიერ იქნა შემოთავაზებული, რასაც ქართული მხარე არ დასთანხმდაო“, თუმცა კრიტიკოსთათვის მოცემულობა მიანიშნებს, რომ რუსეთის მხრიდან სახიფათო თამაში უკვე წამოწყებულია, ხოლო საქართველო ვერ ახერხებს, მკაფიოდ ახსნას, რომ „3+3“ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას, სტრატეგიას უქმნის საფრთხეს, არ არის რა მზად, დღეს მკაფიოდ დაუპირისპირდეს რუსულ ინტერესებს.

პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილის ყურადღება ასევე მიიქცია რუსეთის პირველი დიპლომატის სერგეი ლავროვის შეხვედრებმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან - ინალ არძინბასა და დიმიტრი მედოევთან (რომელზეც, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, მათ შორის 3+3 ფორმატზეც იმსჯელეს) და დარწმუნებულნი არიან, ფორმატში საქართველოს ჩართვის შემთხვევაში, მხოლოდ დროის საკითხი იქნება, რუსეთმა უკვე 3+6–ის ლობირება წამოიწყოს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსულ კონცეფციაში ამგვარი ჩანაფიქრი ნამდვილად არსებობდეს, თუმცა წარმოუდგენლად მიიჩნევს, თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი დასთანხმდნენ მსგავს ნაბიჯს საქართველოს წინააღმდეგ:

„ჩვენი ხელისუფლების უბედურება ისაა, რომ ისინი რეგიონში საქართველოს უნიკალურ გეოპოლიტიკურ სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილს ვერ ხედავენ: საქართველო „კეტავს“ ყველას – რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს. ამიტომ, ყველას სჭირდება საქართველოსთან კარგი ურთიერთობები. ნუ, რუსეთმა სხვაგვარი ურთიერთობა გადაწყვიტა – იარაღით (არ გამოვრიცხავ, ამას ნანობდნენ კიდეც, რადგან აფხაზებისა და ოსებისგან ისეთი ვერაფერი მიიღეს, რაც დაკარგეს საქართველოსთან ურთიერობის გაფუჭებით)“.

კონფლიქტოლოგის დაკვირვებით, ამჟამად კრემლის საზრუნავი რეგიონული თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს ჩართვაა და იმედს იტოვეს, თბილისი პრინციპულ პოზიციას სამომავლოდაც შეინარჩუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ხედვით, ეს იქნება მკაფიოდ პრორუსული, მაგრამ იმავდროულად ანტითურქული, ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკა და ანტისომხურიც კი:

„არავის აწყობს, რუსეთი რეგიონში იმაზე მეტად გაძლიერდეს, ვიდრე დღესაა. არც თურქეთი და არც აზერბაიჯანი არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, საქართველო დასთანხმდეს ფორმატში მონაწილეობას. ბევრს ილაპარაკებენ, „კარგი იქნება, საქართველო ჩაერთოსო“, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, თურქეთს მისი გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, კავკასიაში რუსეთის შესუსტება აწყობდეს და არა პირიქით. ამდენად, ვფიქრობ, ძალიან კმაყოფილნიც არიან საქართველოს პოზიციით და არც იმას გამოვრიცხავ, კულუარებში ამას ამბობდნენ კიდეც. გასაგებია, სომხეთში განსხვავებული ვითარებაა, მაგრამ იქაც ბევრი ფიქრობს, რომ ვიდრე საქართველო პრინციპულია, არსებობს შანსი, კავკასიაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს“.

კონფლიქტოლოგის ხედვით, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რუსი სამხედროები უკვე სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიებზე არიან წარმოდგენილნი და რუსეთი კვლავ დომინანტ აქტორად რჩება, მისი გავლენა ომამდელ პერიოდთან შედარებით შემცირდა, კავკასიაში (აზერბაიჯანში) ღიად, ლეგიტიმურად გამოჩნდნენ რა თურქი სამხედროები კიდევ უფრო გაფართოების პერსპექტივით:

„რუსეთი კავკასიაში რჩება თავისი გავლენებით, მაგრამ შემოვიდა თურქეთი თავისი რესურსებით: რუსეთის რეალური დასაყრდენი მხოლოდ სომხეთია, სადაც აღარაა მის მიმართ იდეალური განწყობები, ხოლო თურქეთს ორი მოკავშირე ჰყავს: კულტურული და ცივილიზაციური აზერბაიჯანი და ინსტიტუციონალური საქართველო NATO-თი, შავი ზღვის უსაფრთხოების ზონით და დერეფნით (საქართველოს დერეფნით თურქეთი გადის აზერბაიჯანზე, კასპიის ზღვაზე, თურქმენეთზე, ყირგიზეთზე, ყაზახეთზე, უზბეკეთზე..). არც შიიტური ირანი და არც რუსეთი მას არ გაატარებს, მხოლოდ ჩვენ ვართ მისი დერეფანი. ამდენად, ჩვენ თურქეთს უფრო ვჭირდებით, ვიდრე ის ჩვენ და ჩვენგან განსხვავებით, მათ ეს ესმით, ხოლო ჩვენ სამარცხვინოდ ვიქცევით, უარს ვამბობთ რა ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და ა.შ. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ანტიისლამური კონცეფციები რეალურად რუსული პროექტებია. დღეს რუსეთის ამოცანა არა საქართველოში შემოსვლა და რუსული დროშის ფრიალი (იცის, რომ ეს არ გამოუვა), არამედ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების დაძაბვაა“.

საქართველოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების კონტექსტში კონფლიქტოლოგი ყურადღებას ამახვილებს სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლების დაანონსებულ შეხვედრაზე მოსკოვში.

ზაქარეიშვილის ხედვით, ამ შემთხვევაში საყურადღებო არა შეხვედრის ადგილი, რომელსაც ის თურქეთის მიერ რუსეთის ამბიციების დაკმაყოფილებად განიხილავს, არამედ ორ სახელმწიფოს შორის კონტექსტების არსებობაა.

ის ვარაუდობს, რომ საუბარი შეეხება დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენისა და საზღვრებზე შეთანხმების საკითხებს:

„სომხებს ვურჩევდი, გამოძებნონ საერთო ენა, აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობა, ხელი მოაწერონ საზღვრებზე ხელშეკრულებას. გენოციდის დავიწყებას მათ არავინ მოსთხოვს. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხელისშემშლელი სხვა საკითხების. თუ სომხეთი მსგავს მტკივნეულ ნაბიჯს გადადგამს, ვფიქრობ, სომხეთი სამხრეთ კავკასიურ პროცესებში ჩაერთვება და თურქეთი იქნება მისი სანდო მოკავშირე. საყურადღებოა, რომ თურქეთმა საკონტაქტო პირად აშშ–ში ყოფილი ელჩი დანიშნეს. მას ექნება ბმა არა მხოლოდ სომხეთ–თურქეთის დონეზე, არამედ სომხეთ–თურქეთ–ამერიკის დონეზე, სადაც დიასპორაა და ეს შემთხვევითი არაა, რაც საკმაოდ სერიოზული გათვლაა და ყოჩაღ თურქებს, რომ ასე შორს უყურებენ პროცესს“.

რაც შეეხება კრემლის ფაქტორს და მის დამოკიდებულებას ხსენებული კომუნიკაციისადმი, კონფლიქტოლოგი გვახსენებს, რომ რუსეთი იძულებული გახდა, შეგუებოდა ყარაბაღთან ახლოს თურქულ წარმომადგენლობას სამხედროების სახით:

„რუსეთი არის ძალიან ვერაგი, ცბიერი სახელმწიფო, რომელიც ჩასაფრებული ელის თავის დროს. უბრალოდ ჩვენ არ უნდა დავუყენოთ ეს დრო (რის საწინააღმდეგოდაც ხშირად ვიქცევით) და რაც შეიძლება მეტი ვითანამშრომლოთ თურქეთთან. უნდა შევიგნოთ, რომ თურქეთის ინტერესია, საქართველო იყოს მისი მოკავშირე, რათა მისცეს შესაძლებლობა, განვითარდეს ცენტრალური აზიის მიმართულებით. გასაგებია, რომ თურქეთი ყოველთვის სანდრო პარტნიორი არ იყო, მათ შორის, პირველი რესპუბლიკის დროს, მაგრამ დღეს თურქეთი სხვაა, ის NATO-ს წევრია და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, კავკასია სწორ გზაზე დგას სწორედ თურქეთის ხელმძღვანელობით, კეთილი ვინებოთ, მას ხელი შევუწყოთ, რომ თავისი მისია ღირსეულად შეასრულოს“.

კონფლიქტოლოგი წუხს, რომ საქართველო პოტენციალს არ იყენებს:

„ნატო–ში გაწევრიანების საკითხში ჩვენი #1 მოკავშირე სწორედ თურქეთი უნდა იყოს, თუმცა ამერიკაა, რადგან ჩვენი გაურკვეველი კომპლექსები და შიშები გვაქვს. როგორ უყურებს თურქეთი საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას, რუსეთმა როგორმე არ დაარწმუნოს, რომ შეეშვას საქართველოს, – ამით უნდა ვიყოთ დაინტერესებულები. ჯერ–ჯერობით თურქეთი ჩვენს მხარესაა, მაგრამ ჩვენ არ ვეყრდნობით მას. გაოგნებული ვარ, რომ ქართველი ექსპერტები შავი ზღვის კონტექსტში მუდმივად რუსეთზე და აშშ–ზე ლაპარაკობენ, რაც სწორია, მაგრამ ხმას არ იღებენ თურქეთზე.

საინტერესოა, რომ თურქეთს აქვს უნარი, პრინციპულად დაელაპარაკოს მისთვის მიუღებელ ძლიერ სახელმწიფოებს, საქართველოსთან მიმართებით კი ძალიან კორექტულია – რუსეთისგან განსხვავებით, არაფერს გვაძალებს, ჩვენგანაა საჭირო მეტი ინიციატივები და შემდეგ ამის შემოწმება. ამასწინათ უმსხვილეს სამხედრო სასწავლებელში ერდოღანის ვიზიტისას რუქა ჰქონდათ განთავსებული, რომელზეც საბერძნეთის კუნძულები, როგორც თურქეთის ინტერესები, ისე იყო გამოსახული, ხოლო საქართველოს ტერიტორია არ იყო გამოკვეთილი“,– იხსენებს „აქცენტთან“ კონფლიქტოლოგი და დასძენს, რომ მსგავსი დეტალების დანახვა აუცილებელია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები