
29 არასამთავრობო: "შეჩერდეს სასამართლოებზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა"
28/12/2021 14:54:42 სამართალი
"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", რომელიც 29 ორგანიზაციას აერთიანებს, შემაშფოთებლად მიიჩნევს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით უყრის კენჭს.
ორგანიზაციები სამწუხაროდ მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი, წინა წლების მსგავსად, წინასაახალწლო პერიოდში, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გარეშე მიმდინარეობს.
27 დეკემბერს პარლამენტის ბიურომ დაადასტურა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა, იურიდიულმა კომიტეტმა კი მხარი დაუჭირა.
ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა "გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით". წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების სენსიტიურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი დაჩქარებული წესით განხილვა კიდევ უფრო მეტად გაუმართლებელია.
NGO-ები მიუთითებენ, რომ დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატება პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას.
"მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის დისპოზიცია და ახალი სახდელის სახეები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შემოთავაზებული რეგულაციები კონკრეტული მოსამართლეების დასჯასა და სისტემაში განსხვავებული აზრის სრულად გაქრობას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, შემდგარი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, წარმოუდგენელია საზოგადოებრივი ჩართულობისა და საჯარო ფორმატში განხილვის გარეშე. შესაბამისად, საქართველოში, სადაც სასამართლოს სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობაა, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა კიდევ უფრო მეტ სიფრთხილეს საჭიროებს". - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.