
ლილუაშვილი – „შეთქმულების“ საქმეზე: "ლიდერი დაკავებულია, თუმცა სხვა საქმეებზე“
29/12/2021 18:58:21 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა „რუსთავ 2“–ის ეთერში ისაუბრა ხელისუფლების დამხობის მორიგ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალდებულები ამ დრომდე არ ყავს. გამოძიების დაწყების თაობაზე საზოგადოებისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ გახდა ცნობილი.
ლილუაშვილი ირწმუნება, რომ "ამ საქმეში სახეზე გვაქვს ყველა ის ქმედება და ნაბიჯი, რომელიც საბოლოოდ ლოგიკურად უნდა დასრულებულიყო ხელისუფლების დამხობით შეთქმულების გზით“:
„ჩვენ გამოვაქვეყნეთ ფარული მიყურადების ნაწილი სადაც აშკარად საუბრობენ სწორედ ამ გზაზე. ლოგიკურად დასრულებულიყო ვამბობ იმ შემთხვევაში, ჩვენ, რომ არ ჩავრეულიყავით და კონკრეტული ღონისძიებები, მათ შორის გასაჯაროება არ მოგვეხდინა. მათ შორის არ მოგვეხდინა პრევენციული სამუშაოები, რომელმაც მათ ხელი შეუშალეს ამ გეგმის განხორციელებაში, ეს იყო აშკარად დაგეგმილი ღონისძიება, მაგრამ „კოვზი ნაცარში“ ჩაუვარდათ“.
კითხვაზე, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების დამხობას გეგმავდა, რატომ არ არიან ამ საქმეზე დაკავებულები, სუს-ის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ არსებობს ობიექტური და სუბიექტური გარემოებები:
"სხვათა შორის ლიდერი დაკავებულია, თუმცა სხვა საქმეებზე. ობიექტური გარემოებებიც არსებობს და სუბიექტურიც, რის გამოც ბოლომდე ვერ ხერხდება ამა თუ იმ პირის დაკითხვა, თუმცა მიმდინარეობს ექსპერტიზები, ამოღებულ ტექნიკაზე, მობილურ ტელეფონებზე და ასე შემდეგ. ალბათ მიხვდით - დაკითხვა უნდა მოხდეს შესაბამის დროს, იმ პირობებში სადაც დასაკითხიც და დამკითხველიც კომფორტულად იგრძნობენ თავს და იქნებიან ჯანმრთელები და ვფიქრობ ეს მომენტი მალე დადგება. ერთ-ერთი დასაკითხი, მთავარი ობიექტი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, გადის მკურნალობას. ჩემი ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს ხანებში მოგვეცემა საშუალება გამოიკითხონ ის პირები, რომლებიც მთავარ იდეოლოგებად მოიაზრებიან ამ საქმეში".
ამავე ინტერვიუში ლილუაშვილი ირწმუნება, რომ სუს-ს ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის გადმკვეთისთანავე ჰქონდა ინფორმაცია და მოიწონა შსს–ს ოპერაცია:
"ტარდებოდა დაკავების ოპერატიული ღონისძიება და შეირჩა სწორედ ის ადგილი და დრო, სადაც ის იმყოფებოდა მარტო და ნაკლები იყო შანსი ფიზიკური დაპირისპირებისა. მთავარი თქვენთვის არის ის თუ როდის გახდა ცნობილი თუ შედეგი, რომელიც სახეზეა? ის მარტო არასდროს იმყოფებოდა, ის გადაადგილდებოდა თანმხლებ პირებთან ერთად, რაც აყვანისას იყო მომატებული საფრთხე, მე ისიც მინდა გითხრათ რომ შსს-მ ოპერაცია ჩაატარა ძალიან მაღალ დონეზე, შეძლეს კარის გაღება გასაღებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველა დეტალი მაქსიმალურად იყო დაზღვეული სავარაუდო გართულებისგან".