
"სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი"
30/12/2021 10:01:20 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბადრაგის საშუალებით გადააადგილდება:
"კომუნიკაბელური არ არის, სუსტად არის, გაბრუებულია. მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ხვალ იქნება განცხადება. სუსტად არის, ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს. ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა. ახლა, შეხვედრისას ჩამოსაყვანი უნდა გახდეს და ასაყვანი, რაც, ჩემი აზრით, მძიმეა. იკვეთება, რომ ადამიანი ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი. ვნახე ფორმა 100. შემიძლია გითხრათ, რომ ორივე, 27 და 30 დეკემბრის დიაგნოზი ყალბია. ვერნიკეს ენცეფალოპათია ამოღებულია. მისმა ექიმებმაც აღნიშნეს, რომ იგივე წონით დაბრუნდა, რითიც გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. რეფიდინგით მისი აღდგნა არ მოხდა. არც წონის მატება აქვს. წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რა მდგომარეობაშიც გორში იმყოფებოდა, კუნთების მოდუნება და განლევა აქვს“.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.