
უკრაინის ომბუდსმენი– სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანაზე: "საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეფასებულია, როგორც წამება"
30/12/2021 11:13:57 პოლიტიკა, სამართალი
უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის გორის პოსპიტალიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს ეხმიანება
„აღშფოთებულები ვართ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხის დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტით. შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა. ცუდად მყოფი მიხეილი ნების საწინააღმდეგოდ ადვოკატების გაფრთხილების გარეშე ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს: სამი ჰიპერტონული კრიზისის შემდეგ თავს უკიდურესად მძიმედ გრძნობს, რამდენიმე დღით ადრე საწოლიდან ვერ ადგა. მას არ დაუნიშნეს ახალი ექიმი, ხოლო მკურნალობის სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცებული იყო სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ“, - აცხადებს დენისოვა.
მისი თქმით, სააკაშვილის ასეთ მძიმე მდომარეობაში საპატიმროში გადაყვანა საერთაშორისო სტანდარტების სერიოზული დარღვევაა:
"საქართველოს ხელისუფლების მსგავსი ქმედებები შეფასებულია, როგორც წამება და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების შელახვა, რაც წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულების მე-6, მე-7, მე-9, მე-14, მე-18 მუხლების დარღვევას, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ 2002 წელს".
იგი ქართველ კოლეგას მიმართავს:
"მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შემოწმების მიზნით".
დენისოვა, დიპლომატებსაც მიმართავს:
"ვთხოვ საქართველოში უკრაინის ელჩს უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის საკონსულო დახმარების გაწევა. მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაგმონ საქართველოს რესპუბლიკის თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან მისი უფლებების აღდგენას“.